ბგერის ტონის სიმაღლე

Pitch

თვისება, რომელიც, ძირითადად, ბგერის ტალღის რხევის სიხშირით განისაზღვრება.

მაღალი სიხშირეები წარმოქმნიან მაღალ ტონებს, დაბალი სიხშირეები კი — დაბალ ტონებს (იხ. სურათი). სუფთა  ტონების მიმართ ადამიანის მგრძნობიარობა 20 ჰერცის სიხშირიდან 20 000 ჰერცის სიხშირემდე დიაპაზონში იცვლება. 20 ჰერცზე დაბალი სიხშირეები ადამიანმა შეიძლება ვიბრაციით შეიგრძნოს უფრო შეხების, ვიდრე ბგერით. თქვენ ადვილად წარმოიდგენთ, თუ რამდენად დიდია ეს დიაპაზონი, თუკი გაითვალისწინებთ, რომ ფორტეპიანოს 88 კლავიში მხოლოდ 30 ჰერციდან 4.000 ჰერცამდე სიხშირის დიაპაზონს ფარავს.

როგორც ფსიქოფიზიკიდან არის ცნობილი, კავშირი სიხშირესა (ფიზიკურ რეალობას) და ბგერით ტონს (ფსიქოლოგიურ ეფექტს) შორის არ არის წრფივი. სიხშირის სკალის დაბალი მაჩვენებლებისას სიხშირის ზრდა მხოლოდ რამდენიმე ჰერცით იწვევს ბგერითი ტონის შესამჩნევ ცვლილებას, ხოლო სიხშირის სკალის მაღალი მაჩვენებლების შემღხვევაში, თქვენ გაცილებით მეტად უნდა გაზარდოთ სიხშირე, რათა შეამჩნიოთ განსხვავება სიხშირეში. მაგალითად, ფორტეპიანოს ორი ყველაზე დაბალი ნოტი ერთმანეთისაგან მხოლოდ 1.6 ჰერცით განსხვავდება მაშინ, როცა ორი ყველაზე მაღალი ნოტი განსხვავდება 235 ჰერცით. ეს არის ოდნავ შესამჩნევი სხვაობის კიდევ ერთი მაგალითი ფსიქოფიზიკაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: