ფიზიკური განვითარება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Physical Development

ჩასახვიდან მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარე სხეულებრივი ცვლილებები, მომწიფება და ზრდა.

პრენატალური განვითარება ანუ ფიზიკური განვითარება საშვილოსნოში

ნებისმიერი ჩანასახის ყველაზე ადრეული ფუნქციონირების ფორმაა გულისცემა. გულისცემა იწყება ჩანასახოვან პერიოდში, დაბადებამდე, როცა ემბრიონი 3 კვირის და 20 მმ სიგრძისაა. რეაქცია სტიმულაციაზე 6 კვირის ასაკში შეინიშნება, როცა ემბრიონი ჯერ არ არის 2,5 სმ სიგრძის. სპონტანური მოძრაობები შეიმჩნევა 8 კვირის ასაკში. 8 კვირის შემდეგ განვითარებად ემბრიონს ნაყოფი (ფეტუსი) ეწოდება. ჩასახვიდან დაახლოებით 16 კვირის შემდეგ დედა ნაყოფის მოძრაობებს გრძნობს. ამ დროისათვის ნაყოფი დაახლოებით 23 სმ სიგრძისაა (დაბადებისას საშუალო სიგრძე 50 სმ-ია). ვინაიდან თავის ტვინი მუცლად ყოფნის დროს იზრდება, ის წუთში 250 000 ახალ ნეირონს წარმოქმნის (იხ. სურათი N1). დაბადების მომენტისათვის მათი რიცხვი 100 მილიარდზე მეტს აღწევს. ადამიანებში და სხვა მრავალ ძუძუმწოვარში უჯრედების ეს გავრცელება და ნეირონების მიგრაცია შესაბამისი ადგილებისკენ სწორედ ჩანასახოვან პერიოდში ხდება, მაშინ, როცა აქსონებისა და დენდრიტების განტოტების განვითარების პროცესები, ძირითადად, დაბადების შემდეგ იწყება. 

ზრდა და მომწიფება ბავშვობაში

დაბადებიდან რამდენიმე წამში ახალშობილი გრძნობის ორგანოებით ინფორმაციის მიღებისა და მასზე რეაგირების გასაოცარ უნარს ავლენს. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები „მომართულები არიან გადარჩენისათვის“ და კარგად არიან ადაპტირებულნი,რათა რეაგირება მოახდინონ მათზე მზრუნველ მოზრდილებზე და იმოქმედონ ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

მაგალითად, ჩვილებს დაბადებამდეც შეუძლიათ ბგერების გაგონება, შესაბამისად, ისინი მზად არიან დაბადების შემდეგ გარკვეულ ბგერებზე რეაგირებისთვის. ახალშობილებს, სხვა ქალების ხმებზე მეტად, დედის ხმის მოსმენა ურჩევნიათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მუცლად ყოფნისას ისინი დედის ხმის ცნობას სწავლობენ. მკვლევრებმა ისიც დაასაბუთეს, რომ ახალშობილები თავიანთი დედების იმგვარად შეცვლილ ხმას ცნობენ, როგორიც ბუნებრივად აღწევს საშვილოსნოში ანუ დედის სხეულის ქსოვილების გავლის შედეგად შეცვლილს (ანუ ზოგიერთი სიხშირის ბგერები იფილტრება). ასე რომ, ახალშობილები ცნობენ იმ ხმებს, რომლებიც ახლოსაა მათ ჩანასახოვან გამოცდილებასთან.

ჩვილები თითქმის დაბადებისთანავე იწყებენ მხედველობით სისტემების გამოყენებასაც: დაბადებიდან სულ რამდენიმე წუთში ბავშვს უკვე ღია აქვს თვალები, თავს აბრუნებს ხმის მიმართულებით და ცნობისმოყვარეობით ეძებს ამ ხმის წყაროს. მიუხედავად ამისა, ჩვილის მხედველობა სუსტადაა განვითარებული, სხვა შეგრძნებებთან შედარებით. მოზრდილთა მხედველობის სიმახვილე, დაახლოებით, 40-ჯერ უკეთესია, ვიდრე ახალშობილებისა. მხედველობის სიმახვილე სწრაფად უმჯობესდება ბავშვის სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში.ახალშობილები, აგრეთვე, ცუდად აღიქვამენ სამყაროს სამ განზომილებაში: მხოლოდ 4 თვის ასაკში შეუძლიათ მათ ორივე თვალით მიღებული ინფორმაციის შეჯერება და სიღრმისა და მანძილის აღქმა. კარგი მხედველობა — კონტრასტის აღქმა, მხედველობის სიმახვილე და ფერების გარჩევა — თვალის რეცეპტორული ველის ცენტრში უამრავი ფოტორეცეპტორული უჯრედის ფუნქციონირებას და თვალის ოპტიკის სათანადოდ განვითარებას მოითხოვს. მრავალი ამ კომპონენტთაგანი მოსამწიფებელია ჩვილის მხედველობის სისტემაში. კარგი მხედველობისათვის, ასევე, საჭიროა, რომ თავის ტვინის ვიზუალურ ქერქში არსებულ უამრავ ნეირონს შორის ურთიერთქმედება ვიზუალურ გამოცდილებას შეესაბამებოდეს. დაბადებისას ნეირონებს შორის არასაკმარისი ურთიერთქმედებაა. ბავშვებს კარგი მხედველობის გარეშეც შეუძლიათ გარკვეული გამღიზიანებლების ერთმანეთისაგან გარჩევა.

როგორც კი ბავშვები გარემოში მოძრაობას დაიწყებენ, ისინი სწრაფად იძენენ სხვა პერცეპტულ უნარებს. მაგალითად, ელეონორ გიბსონისა და რიჩარდ უოლქის 1960 წელს ჩატარებულმა კლასიკურმა კვლევამ აჩვენა, როგორ რეაგირებდნენ ბავშვები სიღრმის შესახებ ინფორმაციაზე. კვლევაში გამოყენებული იყო მოწყობილობა, რომელსაც ვიზუალურ უფსკრულს უწოდებენ. ეს იყო გლუვი შუშის ზედაპირის შუაში მოთავსებული გაუმჭვირვალე სიბრტყე. დიდი და მცირე სიღრმეების შესაქმნელად გამოიყენებოდა კუბოკრული ქსოვილი (იხ. სურათი N2). თავდაპირველ ექსპერიმენტში გიბსონმა და უოლქმა აჩვენეს, რომ ბავშვები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიხოხავენ შუშის შუაში მდებარე სიბრტყიდან მცირე სიღრმის მიმართულებით, მაგრამ უარს ამბობენ დიდი სიღრმისკენ წასვლაზე. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სიღრმის შიში ხოხვის გამოცდილებიდან მომდინარეობდა: ბავშვებს, რომელთაც უკვე დაწყებული ჰქონდათ ხოხვა, ეშინოდათ სიღრმის,ხოლო მათ თანატოლებს, რომლებიც ჯერ არ ხოხავდნენ, არ ეშინოდათ. ამგვარად, სიმაღლის შიში არ არის სრულიად თანდაყოლილი, არამედ ვითარდება მაშინ, როცა ბავშვი თავად იწყებს გარემოს შესწავლას.

ფიზიკური ზრდის ტემპი ერთნაირი არ არის ყველა ფიზიკური სტრუქტურისთვის (იხ. სურათი N3). დაბადებისას ბავშვის თავი უკვე მოზრდილის თავის ზომის თითქმის 60%-ს და საკუთარი სხეულის სიგრძის მეოთხედს შეადგენს. დაბადებიდან ექვს თვეში ჩვილის სხეულის წონა ორმაგდება, ხოლო ერთ წელიწადში — სამმაგდება. ორი წლის ასაკში ბავშვის ტანი მისი საბოლოო (მოზრდილობის დროს მიღწეული) სიგრძის ნახევარს უდრის. მოზარდობამდე გენიტალიები მცირეოდენ ცვლილებას განიცდიან და შემდეგ კი სწრაფად ვითარდებიან ზრდასრულის პროპორციებამდე.

ბავშვთა უმრავლესობისათვი სფიზიკურ ზრდას თან სდევს მოტორული უნარების მომწიფება. მაგალითად, გადაადგილების უნარის განვითარებისას ბავშვი სპეციალური ვარჯიშის გარეშე, სწავლობს სიარულს (იხ. სურათი N4). ეს თანმიმდევრობა საერთოა ბავშვების უმრავლესობისთვის, უმცირესობამ კიშეიძლება გამოტოვოს რომელიმე საფეხური ან საკუთარი ორიგინალური თანმიმდევრობით განვითარდეს. მიუხედავად ამისა, იმ კულტურებში,სადაც ნაკლები ფიზიკური სტიმულაცია აქვთ, ბავშვები სიარულს შედარებით გვიან იწყებენ.მაგალითად, ამერიკელი ინდიელები ბავშვებს მჭიდროდ შეკრულ ზურგზემოსაკიდებელი არტახით ატარებენ, რომელიც აფერხებს სიარულის სწავლას,თუმცა, როგორც კი ბავშვი განთავისუფლდება მისგან,იგი ლოკომოციის განვითარების ზუსტად იმავე საფეხურებს გაივლის. ამრიგად, შეიძლება ვთქვათ,რომ ყველა ჯანმრთელ ახალშობილს ფიზიკური განვითარების ერთნაირი პოტენციალი აქვს. 

           

მოზარდობა

ბავშვობის დასრულების პირველი კონკრეტული მაჩვენებელია პუბერტატის ენერგიის მოზღვავება. გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკისთვის და ბიჭებში დაახლოებით 12 წლის ასაკისთვის ზრდის ჰორმონები სისხლში გადასვლას იწყებს. რამდენიმე წლის განმავლობაში მოზარდი შეიძლება წელიწადში 7-14-სმ-ით გაიზარდოს და საგრძნობლად მოიმატოს წონაში. მოზარდის სხეული ერთბაშად არ აღწევს მოზრდილის პროპორციებს. თავდაპირველად ზრდასრულის ზომამდე იზრდება ფეხის ტერფები და ხელის მტევნები, შემდეგ — თავად ხელები და ფეხები, ხოლო ტორსი ყველაზე ნელა ვითარდება. ამგვარად, ინდივიდის სხეულის ფორმა მოზარდობის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება.

ენერგიის მოზღვავების დაწყებიდან ორი-სამი წლის შემდეგ დგება პუბერტატი ანუ სქესობრივი სიმწიფე (ლათინური სიტყვა პუბერტას ნიშნავს „თმებით დაფარულს~ და მიუთითებს ფეხებსა და ხელებზე, იღლიებსა და გენიტალურ არეებში თმის საფარის განვითარებაზე). ბიჭებისთვის სქესობრივი მომწიფება ცოცხალი სპერმის წარმოებით, ხოლო გოგონებისთვის — მენარქეთი ანუ პირველი მენსტრუაციით იწყება. ბიჭებში ცოცხალი სპერმის წარმოება პირველად, საშუალოდ, 12-14 წლის ასაკში ხდება, თუმცა, აქაც შესაძლებელია დროში ვარიაცია. ამ ფიზიკურ ცვლილებებს ხშირად თან სდევს საკუთარი სექსუალური შეგრძნებების გაცნობიერება.

მოზარდობის პერიოდის დასრულების შემდეგ სხეული კიდევ ერთხელ აღწევს ცხოვრების იმ ხანას, როცა ბიოლოგიური ცვლილებები შედარებით ნაკლებად ხდება. ადამიანს შეუძლია თავად იმოქმედოს საკუთარ სხეულზე სხვადასხვა საშუალებით, იქნება ეს დიეტა თუ ვარჯიში. ცვლილებების შემდეგი ნაკადი, რომელის ასაკის მომატების შედეგია, მოწიფულობასა და ხნოვანებაში (ანუ მოზრდილობის შუა და ბოლო პერიოდში) ხდება. 

ფიზიკური ცვლილებები მოზრდილობაში

ასაკის მატებასთან დაკავშირებული ყველაზე შესამჩნევი ზოგიერთი ცვლილება ფიზიკურ გარეგნობასა და შესაძლებლობებს ეხება. ასაკის მომატებასთან ერთად კანზე ნაოჭები ჩნდება, თმა თხელდება და ჭაღარავდება, სიმაღლე კი 2-5 სმ-ით იკლებს. ასევე, მცირდება შეგრძნების ორგანოების მგრძნობელობა. ეს ცვლილებები მოულოდნელად არ ჩნდება 65 წლის ასაკში. ისინი თანდათანობით, ახალგაზრდობიდანვე ვითარდება. თუმცა, მრავალი ფიზიკური ცვლილება არა ასაკის, არამედ უმოქმედობის შედეგია; კვლევები ადასტურებენ საყოველთაოდ ცნობილ ანდაზას: „თუ არ გამოიყენებ, დაკარგავ“. ხანშიშესული ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ვარჯიშობენ (ან იწყებენ ვარჯიშს), შედარებით ნაკლებ სიძნელეებს აწყდებიან, რომელსაც ხშირად ხნოვანების გარდაუვალ შედეგად მიიჩნევენ.

მხედველობა. ასაკთან ერთად, განსაკუთრებით, 65 წლის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობა გრძნობს მხედველობის ფუნქციის გარკვეულ შესუსტებას. ასაკთან ერთად ადამიანის თვალის ბროლი ყვითლდება და ნაკლებად ელასტიური ხდება. ითვლება, რომ ბროლის გაყვითლების გამო, ზოგიერთ ხანში შესულს უჭირს ფერების გარჩევა. ზოგიერთი მოხუცისთვის განსაკუთრებით ძნელად გასარჩევი ხდება დაბალი ტალღის სიგრძის ფერები — იისფერის, ლურჯისა და მწვანის სხვადასხვა ელფერი. ბროლის სიხისტემ შეიძლება, გააძნელოს ახლოს მყოფი ობიექტების დანახვა. ასევე, ის გავლენას ახდენს სიბნელესთან ადაპტაციაზე, რაც ასაკოვან ადამიანებს ღამით ხედვის პრობლემას უქმნის. მხედველობის ცვლილებების უმრავლესობა კორექტირდება ლინზებით.

სმენის დაკარგვა გავრცელებული მოვლენაა 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. ჩვეულებრივ, ასაკოვან ადამიანებს უჭირთ მაღალი სიხშირის ბგერების აღქმა. ეს გაუარესება, ჩვეულებრივ, მამაკაცებთან უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე ქალებთან. მოხუცებს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეთ სხვისი ლაპარაკის გასაგებად, განსაკუთრებით, მაღალი ტონალობის ხმის შემთხვევაში. (უცნაურია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ხმა წვრილდება ხმის იოგების გახისტების შედეგად). სმენის შესუსტება შეიძლება თანდათანობით და ინდივიდისთვის შეუმჩნევლად ხდებოდეს, სანამ უკიდურეს ფორმას არ მიიღებს. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ხვდებიან, რომ ყრუვდებიან,მათ შეიძლება უარყონ ეს ფაქტი, რადგან სმენის დაკარგვა დაბერების არასასურველ ნიშნად ითვლება. სმენის დაკარგვის ზოგიერთი ფსიქოლოგიური ასპექტის დაძლევა სასმენი აპარატის დახმარებით შეიძლება. აგრეთვე, ასაკის მატებასთან ერთად ან მოხუცებთან ურთიერთობისას გვეხმარება დაბალი ტონით საუბარი, მკაფიოდ მეტყველება და ფონური ხმაურის შემცირება.

რეპროდუქციული და სქესობრივი ფუნქციონირება და შესაძლებლობა შუა და ხანშიშესულ ასაკში იკლებს. დაახლოებით 50 წლისთვის ქალების უმრავლესობას მენოპაუზა ანუ მესტრუაციისა და ოვულაციის შეწყვეტა ახასიათებს. მამაკაცები ნაკლებად მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდებიან, თუმცა, 40 წლის შემდეგ სიცოცხლისუნარიანი სპერმის რაოდენობა მცირდება, 60 წლისშემდეგ კი სათესლე სითხის მოცულობა იკლებს.რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები, ძირითადად, რეპროდუქციას ეხება. ასაკის მომატება და ფიზიკური ცვლილებები აუცილებლობით არ იწვევს სექსუალური გამოცდილების სხვა ასპექტების გაუარესებას. სინამდვილეში, სექსი ცხოვრების ერთ-ერთი ჯანსაღი სიამოვნებაა, რომელსაც შეუძლია ასაკოვანი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ის აღმგზნებია, ხელს უწყობს ფიზიკურ ვარჯიშს, ფანტაზიის სტიმულირებას ახდენს და სოციალური ურთიერთქმედების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ფორმაა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: