მოდელირება მონაწილეობით

Participant Modeling

მონაწილეობით მოდელირება არის თერაპიული ტექნიკა, როდესაც თერაპევტი კლიენტს სასურველ ქცევას უჩვენებს და მხარდამჭერი წახალისებით ეხმარება მოდელის მიერ განხორციელებული ქცევის განმეორებაში. ეს ტექნიკა სამი საფეხურისგან შედგება: მოდელირების დაკვირვება; თერაპევტის მიერ გაძღოლილი ინტერაქცია და ინტერაქცია კომპანიონის გარეშე. მონაწილეობით მოდელირება ხშირად გამოიყენება სპეციფიკურ ფობიებსა და შიშებთან გასამკლავებლად. პირველ ეტაპზე თერაპევტი კლიენტს უჩვენებს წარმატებულ, უშიშარ ქცევას საშიშ სიტუაციასთან მიმართებაში. მაგალითად, თუ კლიენტს ძაღლის ეშინია, მოდელი უახლოვდება ძაღლს, უწვდის ხელს, უფლებას და საშუალებას აძლევს ძაღლს, დაყნოსოს მისი ხელი და ეფერება თავზე. ხოლო შემდეგ, ძაღლთან ერთად იწყებს თამაშს. მეორე ეტაპზე, თერაპევტის თანხლებით, კლიენტი ცდილობს გაიმეოროს იგივე საფეხურები ძაღლთან მიმართებაში. კონტექსტის მიხედვით, თერაპევტის მხარდაჭერა შეიძლება იმით გამოიხატებოდეს, რომ ვიდრე კლიენტი ამ ქცევებს ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს, ეჭიროს მისი ხელი. მესამე ეტაპზე კი კლიენტი იმავე ქცევას თერაპევტის ფიზიკური მხარდაჭერის გარეშე იმეორებს.

ამ თერაპიული ტექნიკის გამოყენების დროს კლიენტს არც ერთი ქცევის განხორციელებას არ აიძულებენ. ნებისმიერ მომენტში წარმოქმნილი წინააღმდეგობის დაძლევა მიახლოების ქცევის წინა, წარმატებულ და ნაკლებად შემაშინებელ საფეხურზე დაბრუნებით ხდება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Ollendick, T.H; Schroeder, C.S (2006) Encyclopedia of Clinical Child and Pediatric Psychology.

კატეგორია: 
ავტორები: