გამოიყენება მაშინ, თუ საჭიროა ორი პოპულაციის შედარება რაიმე თეორიული პარამეტრის (რიცხვითი მახასიათებლის) მიხედვით. მაგალითად, შეიძლება გვაინტერესებდეს ორი უნივერსიტეტის სტუდენტების საშუალო GPA ქულების შედარება ან ორი ქვეყნის მოსახლეობის შედარება, საშუალო სიმაღლის თვალსაზრისით. ასეთი ამოცანები წარმოიშობა მაშინაც, როცა საჭიროა დადგინდეს იძლევა თუ არა ქცევის (მოქმედების) ალტენატიული გზა განსხვავებულ შედეგს, ვიდრე მიღებული ძირითადი გზა. მისაღებია დასაბუთებული დასკვნა იმის თაობაზე, არის თუ არა განსხვავება მათ შორის ეფექტის თვალსაზრისით. მაგალითად, შესაძლებელია შევადაროთ სწავლების ორი მეთოდი ეფექტურობის მხრივ. ორი პოპულაციის მახასიათებლების შედარების ამოცანა ჩნდება ე.წ. კონტროლირებად ცდებში, როდესაც შეისწავლება რაიმე ახალი ტექნოლოგიის, მედიკამენტისა თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურობის საკითხი. ამასთან ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ პარამეტრულ ორამოკრეფიან ამოცანებში იგულისხმება, რომ ორივე პოპულაცია ნორმალურადაა განაწილებული.
ამ ცდებს უკავშირდება ორი შერჩევა, რომელთაგანაც ერთ-ერთის ცდის პირებზე ხორციელდება უკვე დამკვიდრებული ქმედება, მეორეზე კი არსებითად შეცვლილი ახალი ქმედება. ხშირად ორამოკრეფიანი ამოცანები ჩნდება, როცა შესადარებელია განსხვავებული სოციალური სტატუსის, სქესის, რეგიონის ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების მიხედვით ორი პოპულაცია. განიხილება ორი შემთხვევა: 1. როცა შესადარებელია ორი დამოუკიდებელი შერჩევა ორი განსხვავებული პოპულაციიდან (ცდის პირთა შორის სქემა); 2. როცა შესადარებელია წყვილები, დაწყვილებული მონაცემები ანუ ორივე ქმედება ხორციელდება ერთ და იმავე შერჩევაზე (ცდის პირთა შიდა სქემა).
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა