სამიზნე ჯგუფის წევრებს, რომლებზეც უნდა ჩატარდეს კვლევა ეწოდებათ კვლევის სუბიექტები. ჩვეულებრივ სუბიექტები ანუ ცდის პირები ადამიანები არიან, მაგრამ შეიძლება, ასევე იყვნენ ოჯახები, სკოლები, ქალაქები, კომპანიები, ცხოველები, გამოშვებული პროდუქცია და ა.შ.
პოპულაცია (გენერალური ერთობლიობა) არის სამიზნე ჯგუფის სრული შემადგენლობა, სხვა სიტყვებით, საერთო მახასიათებლის მქონე ადამიანთა, ცხოველთა ან მოვლენათა სრული ერთობლიობა. დასკვნითი სტატისტიკა ითხოვს ზუსტად იქნეს დადგენილი საკვლევი (შესასწავლი - target) პოპულაცია და ის, თუ რა სახის დასკვნები გვაინტერესებს. ხანდახან პოპულაციაში შემავალი სუბიექტების რაოდენობა განსაზღვრულია, მაგალითად, საქართველოში მცხოვრები მოზარდების რაოდენობა განსაზრვრულია. ხშირად განზოგადება ეხება კონცეპტუალურ პოპულაციას ანუ პოპულაციას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ რომლის ჰიპოთეტურად წარმოდგენა შესაძლებელია. მაგალითად, იკვლევენ დეპრესიის საწინააღმდეგო ახალი აბების მოქმედებას. დეპრესიაში მყოფი პაციენტების შერჩევიდან მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, უნდა გააკეთონ დასკვნა ყველა იმ ინდივიდზე, რომელიც ახლა იმყოფება ან მომავალში შეიძლება აღმოჩნდეს დეპრესიაში. ამ შემთხვევაში დასკვნა კეთდება სავარაუდო, შესაძლო პოპულაციაზე, რომელიც რეალურად არც ვიცით რა რაოდენობას მოიცავს.
მკვლევარები ხშირად ცდილობენ შერჩევის შედეგების უფრო ფართო პოპულაციაზე განზოგადებას, რამაც შეიძლება არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რადგან შერჩევა შეიძლება პოპულაციისაგან განსხვავდებოდეს ისეთი ფუნდამენტური მახასიათებლებით, როგორიცაა, მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და სხვა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა