პანოპტიკონი მუდმივი ზედამხედველობითი სისტემაა. მეთვრამეტე საუკუნეში ბრიტანელმა ფილოსოფოსმა და რეფორმისტმა ჯერემი ბენთემმა შექმნა სამაგალითო ციხის მოდელი, რომელსაც პანოპტიკონი უწოდა. ბენთემის პანოპტიკონი არის მაღალი კოშკი ზედამხედველებისთვის, რომელსაც წრიულად გარს არტყია საკნები და საკნების ფანჯრებიც ისეა განლაგებული, რომ საკანში მყოფი პატიმრის დანახვა ყოველთვის შესაძლებელია კოშკიდან. თუმცა კოშკის ფანჯრები, გასასვლელები და კარები ისეა მოწყობილი, რომ პატიმრებმა არასდროს იციან, როდის აკვირდებიან და როდის არა მათ. საპატიმროს ასეთი სტრუქტურის გამო ისინი იძულებულნი იქნებოდნენ, ყოველთვის „წესიერად“ მოქცეულიყვნენ, რადგან არასოდეს ეცოდინებოდათ, როდის უყურებდნენ უფროსები კოშკიდან და როდის - არა. ეს გაურკვევლობა მათ მოდუნებისა და წესების დარღვევის საშუალებას არ მისცემდა. მსგავსი ციხის შექმნის პროექტზე ბენთემი რუსეთში თავის ძმასთან სტუმრობისას მუშაობდა იმ იმედით, რომ ეკატერინე დიდს დააინტერესებდა, თუმცა უშედეგოდ. ინგლისში დაბრუნების შემდეგ მან კვლავ გააგრძელა მასზე მუშაობა და 1791 წელს დასრულებული სახე მისცა. მიშელ ფუკო წიგნში „დისციპლინა და დასჯა“ ბენთემის პანოპტიკონის ანალიზისას ამტკიცებს, რომ სწორედ ამგვარი ზედამხედველობის სისტემა აიძულებდა პატიმრებს თვითდისციპლინას და მორჩილ სხეულებად გარდაქმნას, მაგრამ ეს სისტემა მხოლოდ ციხის სადამსჯელო სფეროში არ დარჩენილა და თანამედროვე საზოგადოებაში ყველა სფეროში გავრცელდა. სწორედ მუდმივი დაკვირვების რეჟიმში ყოფნა უზრუნველყოფს ძალაუფლების ავტომატურ ფუნქციონირებას, რასაც ფუკომ ზედამხედველობა (surveillance) უწოდა. დღევანდელ საზოგადოებაში სწორედ მსგავსი პანოტპიკური ზედამხედველობის – მუდმივი თვალთვალის - მეშვეობით ახორციელებს ინსტიტუციური აპარატი და ინსტიტუციური ტექნოლოგიები მორჩილი სხეულების წარმოქმნას და კონტროლს.
იხილეთ, აგრეთვე: ძალაუფლება
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Internet Encyclopedia of Philosophy, a Peer reviewed academic resource http://www.iep.utm.edu/bentham/
Rose, G. (2008) Visual Methodologies, SAGE