ნორმატული გავლენა, როგორც დოიჩი და ჯერარდი განმარტავენ, ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც ინდივიდს სურს მოწონებული, აღიარებული და მიღებული იყოს ჯგუფის მიერ და ამის გამო, გავლენის ქვეშ ექცევა და კონფორმულ ქცევას ახორციელებს.
ნორმატული გავლენის საილუსტრაციოდ, სოლომონ აშმა შექმნა ექსპერიმენტული სიტუაცია, რომელშიც ცდის პირებს მუყაოს ბარათზე დახატულ სამი სხვადასხვა სიგრძის ხაზს აჩვენებდნენ, ხოლო შემდეგ სთხოვდნენ შეეფასებინათ, ამ სამიდან რომელი იყო სტანდარტული სიგრძის ხაზი.
ექსპერიმენტის არსი ის იყო, რომ ცდის პირს 6-8-კაციან ჯგუფთან ერთად სვამდნენ ნახევარწრეში, სადაც, მის გარდა, ყველა მონაწილე ექსპერიმენტატორის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. პირველი სამი ცდის მანძილზე წრეში მსხდომთაგან ყველა ეთანხმებოდა სწორ შედარებას, ხოლო მეოთხე ცდაზე ერთ-ერთი მონაწილე ორ ხაზს ერთმანეთის ტოლად აცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავება თვალსაჩინო იყო. მას ჯგუფის სხვა წევრებიც ეთანხმებოდნენ ცდის პირის გამოკლებით. მას უნდა გადაეწყვიტა, დათანხმებოდა ჯგუფის წევრების აზრს და განეხორციელებინა კონფორმული ქცევა, იმის მიუხედავად, რომ არ ეთანხმებოდა, თუ დარჩენილიყო თავის აზრზე და მტკიცედ დაეცვა პოზიცია.
საბოლოოდ, მონაწილეთა დაახლოებით ერთმა მეოთხედმა მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება და არც ერთ შემთხვევაში არ გამოავლინა კონფორმული ქცევა. მონაწილეთა 50-80% ერთხელ მაინც დაეთანხმა ჯგუფის არასწორ შეფასებას, ხოლო მონაწილეთა ერთმა მესამედმა ყალბ შეფასებას ცდათა ნახევარ ან მეტ შემთხვევაში დაუჭირა მხარი.
სოლომონ აშმა მსგავსი ექსპერიმენტი გარკვეული ფაქტორების ცვლილებებით რამდენჯერმე გაიმეორა. აღმოჩნდა, რომ თუ ცდის პირს ჯგუფიდან კიდევ ერთი ადამიანი მაინც ეთანხმებოდა, ის უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ჯგუფის არასწორ მოსაზრებას. მოკავშირის დამატებით კონფორმულობის ხარისხმა საგრძნობლად დაიკლო.
ამ ექსპერიმენტებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ, ერთი მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ექცევიან ნორმატული გავლენის ქვეშ და ხშირად განუხრელად იცავენ თავიანთ პოზიციას, ხოლო, მეორე მხრივ, არიან ინდივიდები, რომლებიც არაორაზროვან სიტუაციებშიც კი იჩენენ კონფორმულობას. კონფორმულად ყოფნის პოტენცია ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.