ახალი საჯარო მენეჯმენტის მოძრაობა კონცეპტუალურ დონეზე მარეგულირებელი სახელმწიფოს, ე.წ. მესამე გზის ჩარჩოს ნაწილად მოიაზრება. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელში ნაგულისხმევი პირდაპირი მმართველობა, სადაც პოლიტიკის კეთების, რეგულაციისა და ოპერაციული დონეები სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, მარეგულირებელი სახელმწიფოს კონცეპტუალურ ჩარჩოში ირიბი მმართველობად იქცევა, სადაც სახელმწიფო რეგულაციის ფუნქციის შესრულებას მისგან დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და სპეციალიზირებულ, საექსპერტო ცოდნაზე დამყარებულ სააგენტოებს უთმობს. შესაბამისად, ეს მოდელი თავისი არსით, დერეგულაციაზეა დამყარებული, რაც საუკეთესოდაა ასახული ახალი საჯარო მენეჯმენტის მოძრაობის ლოზუნგში “სახელმწიფოს უკან დახევა”. მარეგულირებელ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას სწორედ აღნიშნული სააგენტოები იძენენ და ხშირად, ერთი სპეციფიკური ფუნქციის შემსრულებელ და შედეგზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რომლებიც დაკისრებული მოვალეობების შესრულებას სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად აწარმოებენ (დიდი ბრიტანეთში ტეტჩერის მმართველობის დროს ასეთ სააგენტოთა რაოდენობა 600-ს აღწევდა). სახელმწიფოსა და სააგენტოებს შორის ურთიერთობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, თუმცა, იკვეთება ორი მოდელი: დეცენტრალიზებული - შეერთებული შტატების მოდელი და ცენტრალიზებული - დაკავშირებული დიდ ბრიტანეთთან, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან.
ისტორია
ახალი საჯარო მენეჯმენტის კონცეფციის პოსტულატებს საფუძველი დასავლეთში ნეოკონსერვატორების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ჩაეყარა (რეიგანი შეერთებულ შტატებში და მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში), და გასული საუკუნის 90-იან წლებში დასავლურ და არა მარტო დასავლურ სამყაროში (ახალ ზელანდიას, შვედეთსა და ავსტრალიაში) სწრაფი და ეფექტური რეფორმირების ჩარჩოდ იქნა აღიარებული. უფრო მეტიც, ახალი საჯარო მენეჯმენტის ზოგიერთი ავტორი, მათ შორის, ვილი მაკაურტიც, მას გლობალურ პარადიგმადაც კი მოიხსენიებს, რათა ხაზი გაუსვას ახალი საჯარო მენეჯმენტის, როგორც სახელმწიფო სექტორის რეფორმირების პროცესში NPM-ის პრინციპების საყოველთაო აღიარებასა და მოდურობას (McCourt W. (2002).***
გამოყენებული ლიტერატურა/წყაროები:
Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.