ნეოლიბერალიზმი ეკონომიკური იდეოლოგიაა, რომელიც ხელისუფლების რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე არსებული ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ ისწრაფვის. ნეოლიბერალიზმი ეწინააღმდეგება შრომისა თუ გარემოსდაცვით კანონებს, მოითხოვს ბაზარზე მთავრობის მონაწილეობის შეზღუდვას და კერძო ინიციატივის წახალისებას.
უფრო ფართო გაგებით, ნეოლიბერალიზმი ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკის (პრივატიზაცია, დერეგულაცია, კორპორაციული ინტერესები) საზღვრებს სცდება და მმართველობის ერთგვარ ფორმას, სოციალური სფეროს ორგანიზების წესს აღნიშნავს. ეს არის დომინანტური პოლიტიკური ხედვა, რომელიც, სახელმწიფოთა მმართველობის რეგულირების გარდა, იჭრება სუბიექტების ფორმირებისა და ინდივიდების მართვის, მოქალაქეობის მნიშვნელობისა და ფორმების, სოციალური იდენტობების შექმნის სფეროებში. ნეოლიბერალური მმართველობა განაპირობებს იმას, თუ როგორ მუშაობს სოციალური ინსტიტუტები (სკოლები, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ინსტიტუტები) და აყალიბებს ახალი ტიპის „მეს“, რომელიც ინდივიდუალიზებული და აქტიური სუბიექტია, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ კეთილდღეობაზე და ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებებს.
ნეოლიბერალიზმის ფემინისტური კრიკიტა ქალებზე ამ იდეოლოგიის ზეგავლენის შემდეგ ასპექტებს გამოყოფს:
- შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევას ქალებისთვის მეტი ზიანი მოაქვს, რადგან ისინი ძირითადად დაბალანაზღაურებად მომსახურების სფეროში თუ პოულობენ დასაქმების შესაძლებლობას.
- ასეთი ტიპის სამსახურების პრივატიზება ხელს უწყობს კერძო კომპანიების მიერ ქალებისთვის უფრო ნაკლები ხელფასის გადახდას.
- სახელმწიფოს მიერ ისეთი საკითხების უგულებელყოფა, როგორიც ბავშვზე ან მოხუცებზე ზრუნვაა, ძირითადად ქალების კისერზე გადადის და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
ეს პროცესები ნეოლიბერალურ დისკურსში ინდივიდის არჩევანის თავისუფლების მნიშვნელოვნებით მართლდება. ინდივიდის, ოჯახის თვითმყოფადობა სოლიდარულ საზოგადოებაზე მეტად ფასობს. ნეოლიბერალურ პრაქტიკას ინდივიდის საჯარო პოლიტიკური როლი კერძო მომხმარებლის არჩევანზე დაჰყავს.
ნეოლიბერალიზმის ფემინისტური კრიტიკა პრობლემად ხედავს ნეოლიბერალური დისკურსების გავლენას თავად ფემინიზმზეც.
2013 წელს ნენსი ფრეიზერმა გააკრიტიკა ფემინიზმის თანამშრომლობა ნეოლიბერალურ კაპიტალიზმთან. ის ამტკიცებს, რომ მეორე ტალღის ფემინიზმის მიერ აღიარების მოთხოვნის (იდენტობაზე დაფუძნებული პოლიტიკის) წინ წამოწევა რედისტრიბუციის (ეკონომიკური სამართლიანობის) მოთხოვნის ნაცვლად მას კაპიტალიზმის სამსახურში აყენებს და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ერთდროულად ბრძოლის შესაძლებლობას ართმევს. ნეოლიბერალიზმი იერარქიული, პატრიარქალური და უთანასწორო საზოგადოების მოდელს ეფუძნება. მისთვის ფუნდამენტური ერთეული სახელმწიფოს მიერ რეგულირებული პატრიარქალური ჰეტეროსექსუალური ოჯახია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თანასწორობის ფემინისტურ მიზნებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege: 2000
Catherine Rottenberg, Cultural Studies, 2013, The Rise of Neoliberal Feminism, Cultural Studies,
Özlem Aslan, Zeynep Gambetti, History of the Present, Summer 2011 Vol.1, No. 1, pp. 130-147, University of Illinois Press