ბუნებრივი გადარჩევა

Natural Selection

ბუნებრივი გადარჩევა ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ამა თუ იმ სახეობის ზოგიერთი წარმომადგენელი უკეთ ეგუება გარემო პირობებს, ვიდრე სხვები. ადაპტაციის მაღალი უნარი საშუალებას აძლევს მას გადარჩეს და სხვებთან შედარებით უფრო წარმატებულად გამრავლდეს. ბუნებრივი გადარჩევის პროცესის აღმომჩენლად ჩარლზ დარვინი ითვლება, თუმცა, დარვინის კლასიკური წიგნის  „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემამდე გაცილებით ადრე, ბიოლოგების გარკვეული ჯგუფი უკვე აკვირდებოდა გარკვეულ სახეობათა შორის არსებულ სტრუქტურულ მსგავსებებს. მაგალითად, მათ უკვე იცოდნენ, რომ  ადამიანებს, შიმპანზეებსა და ორანგუტანებს როგორც ფეხის, ასევე ხელის კიდურებზე ხუთი თითი აქვთ. ამგვარი აღმოჩენები და მტკიცებულებები ცხადს ხდიდა, რომ ორგანული სიცოცხლე არ არის სტატიკური.

1831 წელს ჩარლზ დარვინი 5-წლიან ექსპედიციაში გაემგზავრა გემით სახელად „ბიგლი“. ამ მოგზაურობის ფარგლებში დარვინმა დაწვრილებით შეისწავლა სამხრეთ ამერიკის სანაპირო და საბოლოოდ ჩამოაყალიბა მოძღვრება ევოლუციის შესახებ, რომელშიც თავმოყრილი იყო ექსპედიციის პროცესში მიღებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები.  დარვინმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მაღალი ადაპტაციის უნარი გააჩნია ორგანიზმს, მით უფრო იმატებს მისი გადარჩენის შანსი და, პირიქით.

ამგვარად, მის მიერ შექმნილი ბუნებრივი გადარჩევის თეორია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ორგანიზმი, რომელიც კარგად ეგუება იმ ბუნებრივ გარემოს, როემლშიც უწევს არსებობა, უფრო მეტ შთამომავლობას ტოვებს, ვიდრე ნაკლებად ადაპატური ორგანიზმი. ამასთანავე, ის ორგანიზმები, რომლებიც ახერხებენ გადარჩენას, დროთა განმავლობაში რიცხობრივადაც იმატებენ. ამგვარად, ევოლუციონისტური თვალსაზრისით, ინდივიდის წარმატებულობას მის მიერ დატოვილი შთამომავლობის რაოდენობა განაპირობებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol.

კატეგორია: 
ავტორები: