სტატიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება საშუალოთა წყვილების შედარებებში იმის დასადგენად, თუ რომელი საშუალოები განსხვავდება მნიშვნელოვნად ერთმანეთისაგან ერთფაქტორიან მრავალდონიან სქემებში. თუკი ერთფაქტორიან მრავალდონიან სქემაში ჭეშმარიტი აღმოჩნდა ალტერნატიული ჰიპოთეზა, ეს ნიშნავს, რომ ყველა საშუალო ტოლი არაა. ამის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა კონკრეტულად რომელი საშუალოებია განსხვავებული. ცალ-ცალკე ყველა საშუალოს შედარება არაა სწორი ვინაიდან ამ დროს ძალიან იზრდება პირველი გვარის შეცდომის ალბათობა, ამიტომ იყენებენ მრავალჯერადი შედარების კრიტერიუმს. ასეთი კრიტერიუმის მაგალითია ტუკის ნამდვილად მნიშვნელოვანი სხვაობის კრიტერიუმი (Tukey HSD), რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ჯგუფებში ქულათა ტოლი რაოდენობებია. ეს კრიტერიუმი ადგენს კრიტიკულ განსხვავებას (CD Critical Difference) და თუ ორ საშუალოს შორის განსხვავების რიცხვითი მნიშვნელობა ტოლია ან მეტია CD-ზე, მაშინ ვიტყვით, რომ ამ საშუალოებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. თუ ჯგუფებში არატოლი რაოდენობის ქულებია, მაშინ გამოიყენება შეფეს კრიტერიუმი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა