ლეგიტიმაცია

Legitimation

მმართველობის ამა თუ იმ სისტემის მიერ შემოღებული კანონიერების დამკვიდრებისა და აღსრულების ისეთი ფორმა, რომელიც მისაღებია მოცემული ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ტერმინი ამ მნიშვნელობით პოლიტიკურ მეცნიერებებში შემოვიდა ვებერის სოციოლოგიიდან. ვებერისათვის ლეგიტიმურობა გულისხმობს სხვადასხვა ხელისუფლებათა განხორციელების საფუძვლად არსებულ რეალურ განსხვავებებს. კერძოდ, არსებობს ხელისუფლების დაფუძნებისა და განხორციელების სამი სხვადასხვა ფორმა: ხელისუფლება, ჩვეულებრივ, ემყარება ან ტრადიციას, ან ქარიზმას, ან, ბოლოს, რაციონალურ კანონიერებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება იმ ნორმების რაციონალურობის რწმენაში, რომელთა დამკვიდრებასაც ხელისუფლება ცდილობს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოსახლეობა ემორჩილება არა ქარიზმატულ ან ტრადიციულად ხელისუფლების მქონე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ დეპერსონალიზებულ, აბსტრაქტულ კანონიერებას. ლ–ის ეს ფორმა აგრეთვე მორჩილებას ცალკეული, სანათადო პოსტების მქონე ხელისუფალთადმი, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი განკარგულებანი თავსდება აბსტრაქტული კანონიერების ფარგლებში და მოკლებულია მათ პიროვნულ ინტერესებს. ხელისუფლების განხორციელების სამივე ფორმა გულისხმობს ლეგიტიმურობის ერთ საერთო ნიშანს – რწმენას, რომ არსებული პოლიტიკური ინსტიტუტები ოპტიმალურია საზოგადოებისათვის. იმის თაობაზე, თუ რამდენად არსებითია ეს ნიშანი ხელისუფლების განხორციელებისათვის, რეალურ წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ ქვეყნის უმცირესობის მიერ გაჩაღებული კონფლიქტები, რომლებიც წარმოიქმნა ან სახელმწიფოში რელიგიის ადგილის და ფუნქციის საკითხის ირგვლივ, ან ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების მშრომელთა ფართო მასებზე გავრცელების მოთხოვნით და ან რაციონალური შემოსავლის სამართლიანი განაწილების საკითხის გამო. არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის აღნიშნული მოტივები დასავლური სამყაროსათვის დამახასიათებელი იყო XIX-XX სს–ების მიჯნაზე. XX ს–ში ცივი ომის დასასრულიდან აქტუალობა შეიძინა მოსახლეობის უმცირესობის მიერ ქვეყნებში არსებული ტერიტორიული დაყოფის ლეგიტიმურობის აუღიარებლობამ, რასაც მოჰყვა მწვავე კონფლიქტები კავკასიაში, ბალკანეთში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: