პერცეპტული დაჯგუფების პრინციპები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Laws of Perceptual Grouping

პრინციპები, რომელთა მოქმედების შედეგადაც ფიგურათა გარკვეული ერთობლიობა დაჯგუფებულად აღიქმება.

დაჯგუფების საკითხი პირველად ფართოდ გეშტალტფსიქოლოგმა მაქს ვერთჰაიმერმა შეისწავლა. იგი დამკვირვებლებს მარტივი გეომეტრიული ფიგურების წყებას უჩვენებდა. ცვლიდა რა ცალკეულ ფაქტორს და აკვირდებოდა, როგორ მოქმედებდა ის ფიგურათა სტრუქტურის აღქმაზე, ვერტჰაიმერმა დაჯგუფების წესების ჩამოყალიბება შეძლო.

სურათზე მოცემულია რამდენიმე წესის ილუსტრაცია. A ნაწილში წარმოდგენილია თანაბრად დაშორებული წრეების მწკრივები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად დაჯგუფდეს. შეგიძლიათ ერთნაირი წარმატებით დაინახოთ ამ წრეებისგან შემდგარი სვეტები ან რიგები, თუმცა, როდესაც მათ შორის ინტერვალი მცირედით იცვლება ისე, რომ წრეებს შორის ინტერვალი ვერტიკალურ ინტერვალზე ნაკლებია (როგორც ეს B ნაწილზეა მოცემული), ერთმნიშვნელოვნად ჰორიზონტალურ მწკრივებად ორგანიზებულ წრეებს ხედავთ. როდესაც ინტერვალების ცვლილებისას ვერტიკალური ინტერვალი უფრო ნაკლებია (როგორც ეს C ნაწილზეა მოცემული), წრეებს ვერტიკალურ სვეტებად განლაგებულად აღიქვამთ. ეს სამი სახის დაჯგუფება ვერთჰაიმერის სიახლოვის კანონის ილუსტრაციაა. სხვა დანარჩენი პირობების უცვლელობისას, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ელემენტები (ყველაზე ახლოს მდებარენი) ერთად დაჯგუფდება. გეშტალტფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა ასეთი შედეგები იმით ახსნეს, რომ მთლიანი სტიმულის პატერნი გარკვეულად განსაზღვრავს თავისი ნაწილების განლაგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთლიანი პერცეპტი ანუ აღქმის ხატი განსხვავდება თავისი ნაწილების უბრალო მექანიკური ჯამისგან.

სურათის D ნაწილში ინტერვალის ნაცვლად ფერია შეცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ წრეებს შორის თანაბარი ინტერვალია, ვიზუალური სისტემა სტიმულებს, ფერების მსგავსების გამო, ავტომატურად რიგებად განალაგებს. E ნაწილში წრეებს, მსგავსი ზომების გამო, სვეტებად განლაგებულად ვხედავთ; F ნაწილში კი — რიგებად განლაგებულს, ფორმისა და ორიენტაციის მსგავსების გამო. დაჯგუფების ეს ეფექტები მსგავსების კანონით ერთიანდება, რაც გულისხმობს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მსგავსი ელემენტები ერთად დაჯგუფდება.

როდესაც ვიზუალურ ველში ელემენტები მოძრაობენ, ერთნაირი მიმართულებით მოძრაობა დაჯგუფებას იწვევს. საერთო ბედის კანონის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ერთნაირი მიმართულებითა და ტემპით მოძრავი ელემენტები ერთად დაჯგუფდება. თუ G ნაწილში სვეტის ყველა წერტილი ზევით ამოძრავდება, გამოსახულებებს სვეტებად დააჯგუფებთ. იგივე ეფექტი მოქმედებს ბალეტის შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე მოცეკვავე სხვებისგან განსხვავებულად მოძრაობს.

ამრიგად, პერცეპტული დაჯგუფების სამი კანონი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • სიახლოვის კანონი (Law of procimity) — უახლოესი ანუ ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ელემენტები ერთად ჯგუფდებიან;
  • მსგავსების კანონი (Law of similarity) — ყველაზე მსგავსი ელემენტები ერთად ჯგუფდებიან;
  • საერთო ბედის კანონი  (Law of common fate) — ერთი მიმართულებით და ერთნაირი სიჩქარით მოძრავი ელემენტები ერთად ჯგუფდებიან.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: