პრობლემის აქტუალურობის ციკლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Issue-attention Cycle

საზოგადოების ყურადღება იშვიათად რჩება ხანგრძლივად ფოკუსირებული ერთ კონკრეტულ შიდა პრობლემაზე, მაშინაც კი, თუ ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. საზოგადოებაში სისტემატურად მოქმედებს “პრობლემის აქტუალურობის ციკლი”, რომელიც მკვეთრ ზეგავლენას ახდენს შიდა საკვანძო საკითხების მიმართ საზოგადოებრივი მიდგომებისა და, ზოგადად, ქცევის ჩამოყალიბებაზე. ნებისმიერი ამ ტიპის საკითხი შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად მოექცეს საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და, ასევე უეცრად აღმოჩნდეს მის მიღმა. აღნიშნული ციკლის მოქმედების თავისებურებებისა და განხორციელების გზების შესწავლა საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ, შექმნის თუ არა სათანადო საზოგადოებრივი ყურადღება საჭირო პოლიტიკურ წნეხს ნებისმიერი კონკრეტული საკითხის ეფექტიანად გადაჭრისთვის. “პრობლემის აქტუალურობის ციკლის” მოქმედების კარგი მაგალითი და ერთგვარი ტესტიცაა ამერიკული საზოგადოების დამოკიდებულება გარემოს დაცვის პრობლემატიკის მიმართ.

საკითხისადმი საზოგადოებრივი მიდგომის ცვლილება თვით მის შიგნით მიმდინარე ცვლილებებზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა. ისმის კითხვა, რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი გააქტიურება? რატომ წამოიწია წინა პლანზე უამრავ შიდა პრობლემას შორის სწორედ ამ ერთმა? და ბოლოს, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ამერიკელი საზოგადოების ესოდენ ძლიერი ინტერესი ეკოლოგიური საკითხისადმი? რაც შეეხება თავად ციკლს, იგი ხუთსაფეხურიანია. ხუთივე საფეხური ერთმანეთისაგან განსხვავებულია, რაც, ძირითადად, დამოკიდებულია კონკრეტული პრობლემის ხასიათზე. პრობლემის აქტუალურობის ციკლის ეტაპებია: წინაპრობლემური ეტაპი; პრობლემის საგანგაშოდ მიჩნევისა და ეიფორიული ენთუზიაზმის ეტაპი; მნიშვნელოვანი პროგრესის საფასურის შეგნება; ინტენსიური საზოგადოებრივი ინტერესის ეტაპობრივი შემცირება და პოსტ-პრობლემური ეტაპი.

პრობლემის აქტუალურობის პირველი ეტაპი წინაპრობლემური ეტაპია (the pre-problem stage). აღნიშნულ ეტაპზე პრობლემა უკვე არსებობს არასასურველი სოციალური პირობის სახით, თუმცა იგი ჯერ კიდევ არ არის ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები და ინტერესთა ჯგუფები უკვე აქტიურად აცნობენ საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის მოსალოდნელი არასასურველი შედეგების თაობაზე. ჩვეულებრივ, პრობლემის აქტუალურობის საწყისი ეტაპისათვის ობიექტური გარემოებები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი საჯაროობის დროს. ამის კარგი მაგალითებია რასიზმის, სიღატაკისა და შიმშილის პრობლემები აშშ-ში.

პრობლემის საგანგაშოდ მიჩნევისა და ეიფორიული ენთუზიაზმის ეტაპი (alarmed discovery and euphoric enthusiasm) - საზოგადოების მხრიდან უეცარი მძაფრი რეაქცია და პრობლემისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა, როგორც წესი, დრამატული მოვლენების სერიის ან სხვა  მსგავსი მიზეზის შედეგია, როგორც ეს მოხდა 1965-1967 წლებში ვეტოების დადების დროს. აღნიშნულ პროცესს ყოველთვის ახლავს ეიფორიული ენთუზიაზმის გამოხატვა - პრობლემა რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტიანად გადაწყდეს. განგაშისა და რწმენის კომბინაცია ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს წარმოქმნის ამერიკის პოლიტიკური ლიდერებისათვის, რომლებიც იძულებულნი არიან, ქმედითი ზომები მიიღონ პრობლემის მოსაწესრიგებლად. ამგვარი შეხედულების საფუძველს სოციალური პროგრესისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების დიდი ამერიკული ტრადიცია წარმოადგენს. ძველ და შედარებით განვითარებული კულტურის ქვეყნებში საკითხის გადაჭრისადმი დამოკიდებულება უფრო მეტად პესიმისტურია. ამ უკანასკნელთ მიაჩნიათ, რომ პრობლემების უმეტესობის მოგვარება არ მოხერხდება.

მნიშვნელოვანი პროგრესის საფასურის შეგნება (realizing the cost of the significant progress) - მესამე ეტაპი პრობლემის გადაჭრის პროცესში საზოგადოების მიერ გარკვეული საფასურის გადახდის თანდათანობით გაანალიზებას მოიცავს. მართალია, შესაძლებელია, აღნიშნული პროცესი არ საჭიროებდეს მნიშვნელოვან ფულად  სახსრებს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ჯგუფის მხრიდან გარკვეულ მსხვერპლშეწირვას მაინც მოითხოვს. სხვადასხვა პრობლემის მოგვარების პროცესში შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაზარალდეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პრობლემები, გარკვეულწილად, დაკავშირებულია მათ ინტერესებთან. მაგალითად, ცნობილია, რომ ავტომანქანების რაოდენობის ზრდა საგზაო მოძრაობის შეფერხებას და გამონაბოლქვის რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის გარემოს. თუმცა, მეორე მხრივ, ავტომობილი აუცილებელია მილიონობით ადამიანის მობილობისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში ტექნოლოგიურ პროგრესს ძალუძს პრობლემის არასასურველი შედეგების თავიდან აცილება ძირეული რესტრუქტურიზაციის და ყოველგვარი დანაკარგების გვერდის ავლით. ოპტიმისტური ამერიკული ტრადიციის მიხედვით, ამგვარი ტექნოლოგიური გადაწყვეტა დასაწყისშივე ოპტიმალურად მიიჩნევა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველაზე ხმაურიანი პრობლემები ერთი ჯგუფის მიერ მეორის შეგნებულ ან გაუაზრებელ ექსპლუატაციას უკავშირდება. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი ფენის წარმომადგენელი თეთრკანიანი მოსახლეობა, როგორც წესი, ღარიბი და ფერადკანიანი მოსახლეობისაგან იზოლირებულ გეოგრაფიულ სივრცეში ცხოვრებას ამჯობინებს. თავის მხრივ, ღარიბი და ფერადკანიანი მოსახლეობა საშუალო კლასის ფერადკანიან მოსახლეობასთან ერთად გარეუბნებში ცხოვრობს. პრობლემასა და მის გადაწყვეტას შორის არსებული ურთიერთკავშირი მესამე ეტაპის კვანძია.

ინტენსიური საზოგადოებრივი ინტერესის ეტაპობრივი შემცირება (gradual decline of public interest) - წინარე ეტაპი შეუმჩნევლად ტრანსფორმირდება მეოთხე ეტაპისაკენ, რაც პრობლემისადმი ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესის თანდათანობით შემცირებაში ვლინდება. ცნობილია, რომ საზოგადოებაში თანდათანობით იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აცნობიერებენ პრობლემის გადაწყვეტის პროცესის ფასს. შესაბამისად, ყალიბდება სამი სახის რეაქცია: 1) ადამიანების გარკვეულ ნაწილში ამგვარი პროცესი იმედგაცრუებას იწვევს; 2) სხვებს იგი უბრალოდ აშინებს შექმნილი მდგომარეობა; 3) ზოგს კი მუდმივად ერთ პრობლემაზე აქცენტირება ბეზრდება. ადამიანების უმრავლესობაში აღნიშნულ რეაქციათა კომბინაციას ვხვდებით. შედეგად კი, ერთ კონკრეტულ საკითხზე  ხანგრძლივი ფოკუსირებისაკენ მისწრაფება საპნის ბუშტივით სკდება. სწორედ ამ დროს შესაძლებელია, წარმოიშვას სრულიად განსხვავებული პრობლემა, რომელიც, როგორც წესი, მეორე ეტაპზე იჩენს თავს. იგი გადაჭარბებული საზოგადოებრივი ყურადღების ახალი ობიექტი ხდება.

პოსტ-პრობლემური ეტაპი (the post-problem stage) - საბოლოო სტადიაზე პრობლემა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში მოექცა, ნაკლები ყურადღების ან შემცირებული ინტერესის ფაზაში გადაინაცვლებს. ამასთანავე, აღნიშნულ პრობლემასა და საზოგადოებრივ ყურადღებას შორის ურთიერთკავშირიც გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე საწყის ეტაპზე. პირველ ეტაპზე, როდესაც პრობლემა საზოგადოების მზარდი ინტერესის ობიექტი იყო, ახალი ინსტიტუტები, პროგრამები და პოლიტიკური მიმართულებები მთლიანად იყო ფოკუსირებული აღნიშნული კონკრეტული საკითხის მოგვარებაზე. ისინი მუშაობდნენ მაშინაც, როცა ინტერესი ნელდებოდა. მაგალითად, სიღარიბის დაძლევის პროგრამის საწყის ეტაპზე “ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია” დაარსდა, რომელმაც უამრავი ახალი პროგრამა წამოიწყო აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. სიღარიბე საზოგადოებრივ პრობლემად იქცა და აღნიშნული პროგრამების უმეტესობა წარმატებით განხორციელდა, მიუხედავად არასათანადო დაფინანსებისა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ოდესღაც საზოგადოების საყოველთაო ინტერესის ობიექტი იყო და დროთა განმავლობაში სხვა პრობლემებით დაიჩრდილა, სავსებით შესაძლებელია, კვლავ დაუბრუნდეს ციკლის საწყის ფაზას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: