დასწავლილი ქცევის ტენდენცია, დროთა განმავლობაში ინსტინქტურ ქმედებაში გადავიდეს.
ცხოველებზე ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ მართალია, ცხოველები რაღაც ეტაპამდე სწავლობდნენ ქცევას, ეს დასწავლილი ქცევა დროთა განმავლობაში ინსტინქტური ქცევისკენ ისწრაფვის. მაგალითად, მკვლევრები (Breland & Breland, 1951, 1961) წლების მანძილზე იყენებდნენ ოპერანტული განპირობებულობის ტექნიკებს, რომ ათასობის სხვადასხვა სახეობის ცხოველი გამოეწვრთნათ. მათ სჯეროდათ, რომ ზოგადი პრინციპები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევებიდან გამომდინარეობდა, რეალურადაც იმუშავებდა და ნებისმიერი რეაქცია ან ჯილდო ლაბორატორიის გარეთაც ცხოველის კონტროლის საშუალება იქნებოდა.
თუმცა, წვრთნის რაღაც ეტაპზე ზოგიერთი ცხოველი „ცუდად მოქცევას“ იწყებდა. მაგალითად, ენოტს ასწავლიდნენ, რომ აეღო მონეტა, ყულაბაში ჩაეგდო და ამით მიეღო საკვები, მაგრამ ენოტი მაშინვე არ იღებდა მონეტას და ორი მონეტის აღების შემდეგ განპირობებული ქცევა საერთოდ ქრებოდა: ენოტი საერთოდ აღარ იღებდა მონეტებს. სამაგიეროდ, ის ხელით ხეხავდა ყველა მონეტას ერთად, ყულაბაში ტენიდა და შემდეგ იქიდან იღებდა. საქმე ისაა, რომ ენოტებს ზოგადად ახასიათებთ ხეხვისა და რეცხვის ქცევა, როცა საყვარელ საკვებს მოიპოვებენ ნიჟარებიდან. ანალოგიურად, ღორების გაწვრთნისას, რომ მათ გამომუშავებული მონეტები დიდ ყულაბაში ჩაეყარათ, ისინი ძირს ყრიდნენ ამ მონეტებს, ჯერ დინგით ყნოსავდნენ და მერე ჰაერში აგდებდნენ. ამ შემთხვევაში საქმე ის იყო, რომ ღორები ზუსტად ასე იქცევიან საჭმლის მოპოვებისას, რადგან ქცევის ეს რეპერტუარი მათ მემკვიდრეობით აქვთ მიღებული. ამ ცხოველების ქცევა არ აიხსნება ოპერანტული პრინციპებით, მაგრამ სრულიად გასაგები ხდება, თუ მას სახეობებისთვის დამახასიათებელი ქცევის პატერნების კონტექსტში განვიხილავთ. ეს ტენდენცია ცვლის ქცევას, რომელიც ოპერანტული განპირობებით შემუშავდა.
ბრელანდების თეორია ცხადყოფს, რომ შეუძლებელია ქცევის ყველა დასწავლილი ასპექტის გაკონტროლება. ქცევები შეიძლება მეტ-ნაკლებად ადვილი შესაცვლელი იყოს, როგორც ცხოველის ჩვეულებრივი, გენეტიკურად დაპროგრამებული რეაქცია გარემოში. განპირობება მაშინ იქნება ეფექტური, როცა სამიზნე რეაქცია ბიოლოგიურად აქტუალურია ცხოველისთვის. მაგალითად, რა ცვლილებაა საჭირო იმისათვის, რომ ღორმა მონეტა ყულაბაში ჩააგდოს? თუ ეს ქცევა წყლის მიწოდებას შეუწყვილდება, მოწყურებული ღორი ბევრად სწრაფად დაისწავლის ქცევის ამ რეპერტუარს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Breland, K., & Brelan, L. (1951). A field of applied aminal psychology. American Psychologist, 6, 202-204.
Breland, K., & Brelan, L. (1961). A misbehavior of organisms. American Psychologist, 6, 681-684