ინსაიტური თერაპია ეწოდება ფსიქოდინამიკურ თერაპიულ ტექნიკას, რომლის დროსაც თერაპევტის მთავარი მიზანი პაციენტისთვის აწმყოში არსებულ სიმპტომებსა და წარსულ გამოცდილებას შორის არსებული კავშირის დანახვებაა. ამ შედეგს ინსაიტი ეწოდება.
იმისთვის, რომ პაციენტი ინსაიტამდე მივიდეს, თერაპევტმა უნდა გაარკვიოს, როგორ იყენებს ის რეპრესიის ანუ განდევნის პროცესს კონფლიქტების გამკლავების პროცესში. ზოგადად, ფროიდის თეორიული მიდგომის მიხედვით, აშლილობებს ის შინაგანი კონფლიქტები იწვევენ, რომელთა მოგვარებაც ფსიქიკას ადეკვატური გზებით არ შეუძლია. ეს კონფლიქტები იდის, არაცნობიერ ირაციონალურ იმპულსებს და სუპერეგოს გაშინაგნებულ სოციალურ მოთხოვნებს შორის წარმოიშვება.
ინსაიტური თერაპიის ფარგლებში ნებისმიერი სიმპტომი არაცნობიერიდან წამოსულ შეტყობინებად განიხილება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში. შესაბამისად, ფსიქოდინამიკური თვალთახედვით, თერაპია მაშინ არის წარმატებული, როდესაც პაციენტი ადრეული ბავშვობის პერიოდში განხორციელებული განდევნისგან თავისუფლდება და ინსაიტს აღწევს ანუ აკავშირებს წარსულ გამოცდილებას აწმყოს პრობლემებთან.
ინსაიტური ტექნიკები მოიცავს ვერბალურ კომუნიკაციას, რაც პაციენტის თვითცნობიერების გაძლიერებისკენ არის მიმართული. როგორც წესი, ფსიქოანალიზში სიზმრების ანალიზი და თავისუფალი ასოციაციების ტექნიკა გამოიყენება, რომლითაც ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს პაციენტის არაცნობიერს მიწვდეს.
როცა თერაპევტი პაციენტის სენსიტიურ შრემდე ჩადის, როგორც წესი, მოსალოდნელია რეზისტენტობა და წინააღმდეგობა პაციენტის მხრიდან, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ინსაიტის მიღწევის პროცესში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Weiter, W. (2008) Psychology: Themes and Variations, Briefer Edition. Thomson Learning inc, Belmont, Ca