ინდუსტრიალიზაცია

Industrialization

ტერმინი პირველად შემოიტანა სენ–სიმონმა. იგი გამოიყენება იმ სოციალური პროცესის დასახასიათებლად, რომელიც გულისხმობს აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე ორიენტირებული ეკონომიკებისა და საზოგადოებების გადაქცევას ისეთ ეკონომიკებად, რომლებშიც წამყვანია მსხვილი, ავტომატიზაციაზე დამყარებული მრეწველობა. ი–ის პროცესი დაიწყო ინგლისში ე.წ. „სამრეწველო რევოლუციის“ ეპოქაში, რასაც მოჰყვა თვისობრივი ცვლილებები, როგორც პროდუქციის წარმოებისა და განაწილების, ასევე სოციალური სამყაროს მოწყობის სფეროში. კერძოდ, შეიცვალა მოსახლეობის პროფესიული სეგმეტაცია: მრეწველობასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ საგრძნობლად გადააჭარბა აგრარულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას. შეიცვალა მოსახლეობის გეოგრაფიული კოცენტრაცია და სწრაფად განვითარდა ურბანიზაციის პროცესი. მოდერნიზაციის პროცესი შეეხო არა მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპონენტებს, არამედ სოციალურ ნორმებსა და ინსტიტუტებს, სოციალური სტრატიფიკაციისა და მობილურობის მოდელებსა და სხვა სოციალურ თუ სოციალურ–ფსიქოლოგიურ ფენომენებს. ი–ის პროცესი მეტ–ნაკლებად ერთნაირი თვისებებით ხასიათდებოდა მთელს მსოფლიოში. თუმცა გამოყოფენ ქვეყნებს, რომლებსაც უწოდებენ პირველი ტალღის ინდუსტრიულ ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, აშშ). ამ ქვეყნებში ი–ისა და მოდერნიზაციის „ლოკომოტივის“ როლი მრეწველთა ფენამ შეასრულა. რაც შეეხება ე.წ. „გვიანი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნებს“ (გერმანია, იაპონია) აქ ი–ის პროცესში უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფომ.

კატეგორია: 
ავტორები: