ჰომოეროტიკულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Homoeroticism

ჰომოეროტიკულობის ცნება ერთსა და იმავე სქესის ადამიანებს შორის ეროტიკული გრძნობების არსებობის ტენდენციას მოიაზრებს. ცნებაში მნიშვნელოვანი ემოციური კომპონენტის გამოკვეთაა. მართალია, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთლტოლვის გამოვლინებას დიდი ისტორია აქვს სხვადასხვა კულტურასა თუ ხელოვნების ნიმუშებში, ჰომოეროტიკულობის ცნება მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩნდება ზიგმუნდ ფროიდისა და რიჩარდ ფრაიერ ფონ კრაფტ-ებინგის ნაშრომებში და სექსუალობის კატეგორიზების ახალ გზად გვევლინება. იმ დროისათვის ცნება, ძირითადად, კლინიკური აღწერისათვის გამოიყენებოდა და სექსუალურ აშლილობებთან იყო დაკავშირებული.

სექსუალობისა და გენდერის თანამედროვე თეორეტიზებისას, ჰომოეროტიკულობის ცნებას სექსუალობის მკაცრად ბიოლოგიური და გენიტალიური ასპექტი ჩამოშორებული აქვს და უფრო მეტად მიზიდულობის ფსიქოლოგიურ და ემოციურ გამოვლინებას აღწერს. ჰომოეროტიზმის თანამედროვე გაგების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა ჟაკ ლაკანმა და ასევე ფრანგმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა მიშელ ფუკომ. სქესის, ძალაუფლებისა და ენის ლაკანისეულმა ანალიზმა შესაძლო გახადა სურვილის ბიოლოგიისა და მყარი იდენტობისგან გამოცალკევება და არა მხოლოდ ქალების, არამედ კაცების მიმართების ანალიზი ძალაუფლების ცენტრთან (ფალოსთან). ლაკანისეული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ ძალაუფლების ცენტრში კაცის ფიგურის ყოფნის გავლენაზე და შესაძლებელს ხდის, იმავე სქესის მიმართ სურვილი კულტურულ ძალად აღვიქვათ. ფუკოს მიერ გენდერის წარმოჩენა როგორც რეპრეზენტაციისა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებსა და საზოგადოებებზე, საშუალებას გვაძლევს, მედიაში, სკოლებში, სახლებში, სამართლებრივ სისტემებსა თუ დისკურსში გენდერის კონსტრუირების პროცესები გავაანალიზოთ.

ჰომოეროტიკულობის ცნებაში ერთი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ანალიზის მოწყვეტა ბიოლოგიური ცნებებისგან და მისი აფექტური კომპონენტების ხაზგასმა მნიშვნელოვანია სექსუალობის ისტორიის კვლევისა და სექსუალობის თეორიებისთვის. ასე შესაძლებელი ხდება სექსუალური იდენტობის მყარი და ხისტი ცნებების საზღვრებს გავცდეთ და უფრო კომპლექსურად მივუდგეთ ერთი სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობებისა და მათი ისტორიის საკითხს, ვისაუბროთ  გრძნობებზე, სურვილზე, დამოკიდებულებებზე, ვინაიდან სქესისა და გენდერის თანამედროვე დიქოტომიური გაგება არაადაკვატურია პრემოდერნული ან სხვადასხვა კულტურაში არსებული იდენტობების, სურვილებისა და ქცევების აღსაწერად. მაგალითად, ჰომოეროტიკულობის ცნება საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობების კონტექსტების სირთულე ბიბლიურ სამყაროში, კლასიკურ არაბულ ლიტერატურაში ან სპორტის კულტურაში, ჰომოსექსუალური ორიენტაციის ცნების გამოყენების გარეშე.

ჰომოეროტიზმის ცნება განსხვავდება ჰომოსოციალურობის  ცნებისაგან, რომელიც  ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სოციალური კავშირების არსებობას უსვამს ხაზს, თუმცა სათანადოდ არ ასახავს კავშირის ეროტიკულ კომპონენტს. ჰომოსოციალურობა აღწერს ერთი სქესის მქონე ადამიანთა სოციალურ ინტერაქციებს, მაგალითად,  შუა საუკუნეების გილდიები, პანსიონატები, ჯარი - მამაკაცებისათვის; ან სამკერვალო წრეები, ორსულთა საკონსულტაციო ჯგუფები და სხვა - ქალებისათვის. თუმცა, მეორე მხრივ, სოციალურსა და ეროტიკულს შორის საზღვრების პირობითი ხასიათის გამო, ორი ცნების ერთმანეთისგან ბოლომდე განცალკევება საკმაოდ რთულია. ორივე ცნება მნიშვნელოვანი და გამოსადეგია ერთი სქესის მქონე ადამიანთა ურთიერთობების სექსუალური, ემოციური თუ სოციალური კომპონენტების რთული კომბინაციების დეტალურად შესასწავლად.

იხილეთ, აგრეთვე: ჰომოსექსუალობა, ჰომონორმატიულობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: