გენდერული კვოტა პოლიტიკაში

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gender Quotas in Politics

ისტორიაში პირველად ქალები საკანონმდებლო ორგანოში საყოველთაო ხმის მიცემის გზით და მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით ფინეთის პარლამენტში აირჩიეს, თუმცა ფინეთის შემთხვევა გამონაკლისია. გლობალურად ეს პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ქალებს დანარჩენ მსოფლიოში წლობით დასჭირდათ ბრძოლა, კანონმდებლებად რომ აერჩიათ.

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ავტორიტარული რეჟიმების დაცემის შემდეგ წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებში ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობა საგრძნობლად დაეცა. ექსპერტების აზრით, ქალების სიმცირე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე „დემოკრატიის დეფიციტზე“ მიუთითებს. თანდათან ქალი კანონმდებლების რაოდენობა ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის ინდიკატორად იქცა. დღეს ქალთა პროპორციული წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში თანაბარი შესაძლებლობების მარკერია და საპარლამენტო ინსტიტუტების ლეგიტიმურობაზე მიუთითებს.

საარჩევნო კვოტები ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც ქვეყნები სწორედ დემოკრატიულობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიმართავენ, რათა ქალებმა და კაცებმა თანაბრად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვოტა სპეციალური ზომაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში დროებითი ღონისძიებაა და ძალაშია მანამ, სანამ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის დაბრკოლებები არ გადაილახება, სანამ ქალები სრულფასოვნად არ ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში და არ აღმოიფხვრება მათი სისტემური იზოლირება პოლიტიკისგან. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ეს ღონისძიება დროით შეზღუდული არ არის. გენდერული კვოტა შეიძლება იყოს სავალდებულო ან შიდა პარტიული, ანუ პოლიტიკური პარტიების მიერ დაწესებული. სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო კვოტების ერთ-ერთი სახეობაა ე. წ. რეზერვირებული (დაჯავშნილი) ადგილები.

კვოტირების სისტემა მიზნად ისახავს ქალთა წარმომადგენლობის „კრიტიკულ მასამდე“ (30% ან 40%-მდე) მაინც გაზრდას. ამჟამად კრიტიკული 30%-იანი წარმომადგენლობა საკმარისად არ მიიჩნევა, ბევრ ქვეყანაში კი მოითხოვენ სრულ გენდერულ ბალანსს - 50-50%-იან რეპრეზენტაციას, ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანაში ქალები მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ.

ანა ფილიპსი კვოტირების სისტემის მომხრეთა არგუმენტებს 4 ჯგუფად ყოფს: (1) წარმატებული პოლიტიკოსი ქალის, როგორც როლის მოდელის, არგუმენტი, (2) სქესთა შორის სამართლიანობის პრინციპების დაცვის არგუმენტი, (3) ქალების სპეციფიკური ინტერესების არგუმენტი (რომლებიც იგნორირებულია, თუ ქალები მათ არ განაცხადებენ და დაიცავენ) და (4) პოლიტიკის მიმართ ქალების განსხვავებული მიდგომის არგუმენტი (რაც გულისხმობს, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ დღის წესრიგს შეცვლის).

ფილიპსისთვის უმთავრესი არგუმენტია სქესთა თანაბარუფლებიანობის, ანუ სამართლიანობის, პრინციპის დაცვა, რადგან მისთვის „გროტესკული უსამართლობაა ის, რომ რეპრეზენტაცია მონოპოლიზებულია კაცების მიერ“. ამიტომ მნიშვნელოვანია სტრუქტურული დისკრიმინაციის აღმოფხვრა. იგი სვამს კითხვას: არსებობს თუ არა რაიმე „ბუნებრივი უპირატესობა“, ნიჭი, უნარი, გამოცდილება ან გენეტიკური გასხვავება, რის გამოც პოლიტიკური პოზიციები კაცების მიერაა მონოპოლიზებული? გენდერის მკვლევრების დამოკიდებულება ე.წ. ქალების სპეციფიკური ინტერესებისა და განსხვავებული გამოცდილების საკითხის მიმართ არაერთგვაროვანია, თუმცა შეუძლებელია იმის უგულებელყოფა, რომ ქალებს ნამდვილად აქვთ გარკვეული სპეციფიკური ინტერესები (რეპროდუქციული ფუნქციის თავისებურებების ან ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით).

კვოტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები რომ შევაჯამოთ, ისინი, ძირითადად, ამ სისტემის არადემოკრატიულობას ამტკიცებენ. კერძოდ, მიუთითებენ იმაზე, რომ გენდერული კვოტირების სისტემა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებთან შეუსაბამობაშია, რადგან ქალებს მათი სქესისა და გენდერის გამო ანიჭებს უპირატესობას და არა - მათი კვალიფიკაციის გამო. ამ ზომას არადემოკრატიულად მიიჩნევენ იმის გამოც, რომ ის თითქოსდა ზღუდავს ამომრჩევლის არჩევანს.

არაერთი კვლევა ადასტურებს საარჩევნო სისტემების ტიპის (მაჟორიტარული თუ პროპორციული) გადამწყვეტ გავლენას ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, თუმცა ეს საკითხი მაინც სადავოდ რჩება გენდერისა და პოლიტიკის სფეროში. საკითხი კომპლექსურია, რადგან ეროვნულ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაზე საარჩევნო სისტემის ტიპის გარდა, სხვა (კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური) ცვლადებიც ზემოქმედებენ.

იხილეთ, აგრეთვე: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის არგუმენტები

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shvedova, Nadezhda. 2005. “Obstacles to Women’s Participation in Parliament.” In Women in Parliament: Beyond Numbers, edited by Julie Ballington and Azza Karam, 33-50. Stockholm, Sweden: International Institute for Democracy and Electoral Assistance.

Phillips, Anne. 2010. “Quotas for Women.” In Women, Gender and Politics a Reader ; edited by Mona Lena Krook, Sarah Childs. Oxford University Press.

Sawer, Marian. 2012. Forward in Women and Legislative Representation. Electoral Systems, Political Partes and Sex Quotas, edited by Manon Tremblay, Palgrave Macmillan US

კატეგორია: 
ავტორები: