ტერმინი იძულებითი მიგრაცია როგორც ლტოლვილის, ისე იძულებით გაადგილებული პირის ცნებას აერთიანებს. ლტოლვილი არის ადამიანი, რომელიც იძულებულია, საკუთარ ქვეყანაში არსებული საომარი მოქმედებების, პოლიტიკური, რელიგიური, რასობრივი, სექსუალური ხასიათის დევნის გამო სხვა ქვეყანაში ეძიოს თავშესაფარი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირი თავის ქვეყანაშივე პოულობს თავშესაფარს.
ჯუდი ელ ბუშრა თავის პუბლიკაციაში „ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები“ (Refugees an Internationally Displaced People) იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებსაც ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები უცხო ადგილას გადასახლებისას ხვდებიან. ავტორის თქმით, ყველაზე მოწყვლადნი გადასახლების პროცესში ქალები და ბავშვები არიან. ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა გენდერული ნიშნით ძალადობა, რასაც შეიძლება ჰქონდეს ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, იძულებითი პროსტიტუციის ან სექსუალური ძალადობის ფორმა.
სუზან მარტინი რამდენიმე საერთო მახასიათებელს გამოყოფს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ცხოვრების აღწერისას: გაზრდილი პასუხისმგებლობა საოჯახო სფეროზე, ოჯახის სტრუქტურასა და როლებში ცვლილებების შედეგად შექმნილ გარემოებებთან გამკლავება, ოჯახის მარჩენალის ახალი როლის მორგება.
იძულებითი მიგრაციის გენდერული ასპექტების შემსწავლელი თეორეტიკოსები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ უცხო ქვეყნებში მიგრირებულ ოჯახებში გენდერული როლების ცვლილებაზე. ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც მიგრაცია განვითარებადი ქვეყნიდან განვითარებულში ხდება. კვლევების თანახმად, გადასახლებულ ოჯახებში გენდერული როლების ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ახალ გარემოში ქალები უფრო ადვილად შოულობენ სამსახურს, რადგან თანახმა არიან ნებისმიერ გასამრჯელოზე და უარს არ ამბობენ ნაკლებად პრესტიჟულ სექსტორში დასაქმებაზე. ამის შედეგად ისინი ოჯახში შემოსავლის მთავარი წყარონი ხდებიან, რაც შემდგომ გენდერული როლების სხვა ასპექტების ცვლილებასაც განაპირობებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Atsuko, M., Sorenson, J. (1999) Eritrean Canadian Refugee Households as Sites of Gender Renegotiation, Engendering Forced Migration: Theory and Practice, New York & Oxford, Berghahn Books.
El-Bushra, J., Fish, K. (2004) Refugees and Internally Displaced Persons, Inclusive Security, Sustainable Peace, a Toolkit for Advocacy and Action.
Swarna Rajagopalan. (2010. “Gender Violence, Conflict, Internal Displacement and Peacebuilding”. In Peace Prints: South Asian Journal of Peace building, Vol. 3, No. 1, pp. 1-15.
Martin, Susan Forbes (ed.) (2004) Refugee Women: Changing Roles in Refugee Women Lanham. Md.: Lexington Books.