ფლუიდური ინტელექტი

Fluid Intelligence

ფლუიდური ინტელექტი არის ინტელექტის კომპონენტი, რომელიც მოიცავს რთული მიმართებების დანახვისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. რაიმონდ კეტელმა ინტელექტი ორ სხვადასხვა, დამოუკიდებელ კომპონენტად დაყო - ფლუიდურ და კრისტალიზებულ  ინტელექტებად. კრისტალიზებული  ინტელექტი, ფლუიდურისგან განსხვავებით,  მოიცავს პიროვნების მიერ შეძენილ ცოდნას და ამ ცოდნის გამოყენების უნარებს. 

კეტელმა ფლუიდური ამგვარი დაყოფა სითხის ანალოგიით გამოიყვანა. სითხეს, ნებისმიერი ფორმა შეგვიძლია მივცეთ, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის კონტეინერში მოვათავსებთ, მაგრამ გაყინული სითხე, მას შემდეგ რაც ყინულის ფორმას მიიღებს - კრისტალიზებულია და ერთი ფორმა აქვს.

ფლუიდური ინტელექტი მსჯელობისა და ინფორმაციის გამოყენების უნარს მოიცავს, მისი საშუალებით უცნობი და ახალი პრობლემის გადაჭრა და მოვლენებსა თუ საგნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დანახვა და ახალი ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. მაგალითად, ახალი სიტყვების სწავლა ფლუიდური ინტელექტის ფუნქციას წარმოადგენს. მისი გაზომვა კუბურის ნიმუშისა და სივრცითი ვიზუალიზაციის ტესტებით არის შესაძლებელი, რომლებშიც პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ფონური ინფორმაცია დასკვნით მიიღება.

ფლუიდური ინტელექტი თავის პიკს 20 წლის ასაკისთვის აღწევს, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უცვლელი რჩება, ხოლო შუა ხნის ასაკიდან კლებას იწყებს. ფლუიდური ინტელექტი შეგვიძლია მსჯელობის უნარად განვიხილოთ, რომელიც სკოლის ასაკიდან, დამოუკიდებლად იწყებს განვითარებას ხოლო კრისტალიზებული ინტელექტი სასკოლო და კულტურული ინტელექტის შეძენას გულისხმობს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Kalat, J. (2014). Introduction in Psychology. Wadsworth, Cengage learning, Belmont, Ca. 

კატეგორია: 
ავტორები: