ევოლუციური მიმდინარეობა

Evolutionary Perspective

ევოლუციური მიდგომა ფსიქოლოგიის დარგის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ხაზს უსავამს ქცევით და ადაპტურობის მნიშვნელობას. ევოლუციური პერსპექტივა ეყრდნობა ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ფსიქიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა კონკრეტულ ადაპტურ მიზნებს მომსახურებოდა.

ეს მიდგომა ცდილობს ბუნებრივი შერჩევის გზით ევოლუციის თეორია ბიოლოგიური მეცნიერებების ძირითად იდეებს დაუკავშიროს. ბუნებრივი შერჩევა გულისხმობს, რომ გარემოსთან უკეთ შეგუებული ორგანიზმები უკეთეს შთამომავლობას იძლევიან. ამასთანავე, მრავალი თაობის მანძილზე ადაპტაციის უნარი უფრო და უფრო იხვეწება. ფსიქოლოგიაში ეს შეხედულება იმას ნიშნავს, რომ ინდივიდის ფიზიკური და ფსიქიკური უნარები მილიონობით წლების მანძილზე ვითარდებოდა, რათა კონკრეტული ადაპტაციური ფუნქციები შეესრულებინა.

ფსიქოლოგები, რომლებიც ევოლუციურ მიდგომას ეყრდნობიან, ცდილობენ შეისწავლონ ის გარემო პირობები, რომლებშიც ადამიანის ტვინი განვითარდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანი საკითხია იმ ადაპტაციური პრობლემების შესწავლა, რომლებიც ცოცხალი არსებების წინაშე დგას, ესენია: პარაზიტების მოგერიება, საკვების შეგროვება, გაცვლა, მეწყვილის პოვნა, შენარჩუნება, ჯანმრთელი შთამომავლობის გაზრდა და ა.შ.

იქიდან გამომდინარე, რომ ევოლუციური მიდგომის ფარგლებში შეუძლებელია ექსპერიმენტის ჩატარება, მკვლევრებს არაორდინალური გზით უწევთ თავიანთი თეორიებისთვის მტკიცებულებების მოძიება.

დღესდღეობით, ევოლუციური მიდგომის მთავარი გამოწვევა ადაპტაციასთან დაკავშირებული იმ პრობლემების გამოაშკარავებაა, რომლებსაც ევოლუციის პროცესში გამუდმებით აწყდებიან ადამაინები. ეს მიდგომა გვაძლევს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია მოვიძიოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: საიდან გავჩნდით? როგორ მოვაღწიეთ დღეს არსებულ ვითარებამდე? აზროვნების რა მექანიზმები განსაზღვრავენ იმას, თუ ვინ ვართ? და ა.შ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: