ეთნოსს განსაზღვრავენ, როგორც დიდ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც აკავშირებს საერთო რასობრივი, ეროვნული, ტომობრივი, რელიგიური, ენობრივი ან კულტურული ძირები. სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, ეთნიკური კუთვნილება ძირითადად მემკვიდრეობითი სტატუსია. მართალია, დღევანდელ სამყაროში ეთნიკურობა არაერთი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განმსაზღვრელ ნიშნად ცხადდება, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა საზოგადოებაა ეთნკურად ჰომოგენური. მეტიც, არ არსებობს ეთნოსის მკაფიო განმარტება ან კონსენსუსი მის განსაზღვრებაზე. წარსულში ეთნიკური განსხვავების კრიტერიუმად, ძირთადად, კულტურული განსხვავებები მიიჩნეოდა. საერთო ეთნოსის პოპულარული იდეის მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმოდგენა საერთო წარმომავლობაზე, რაშიც ხშირად ბუნდოვნად განსაზღვრული „სისხლით კავშირი“ იგულისხმება. ეთნოსის კლასიკური განსაზღვრება ეკუთვნის მაქს ვებერს, რომლის მიხედვითაც ეთნიკურია ჯგუფი, რომლის წევრებსაც სწამთ, რომ საერთო წარმომავლობა აქვთ; ეს რწმენა შეიძლება ემყარებოდეს ფიზიკურ ტიპაჟს ან ჩვეულებებს (ან ორივეს), ან კოლონიზაციისა და მიგრაციის საერთო მეხსიერებას. ვებერი ამატებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სისხლით კავშირის რეალურად არსებობას.
ეთნოცენტრიზმს უწოდებენ ეთნიკური ჯგუფის რწმენას, რომ ის, თავისი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, სხვა ეთნოსებზე აღმტებულია. ეთნოცენტრიზმი ასაზრდოებს უამრავ ცრურწმენას, რომელიც აერთიანებს უარყოფითი შეხედულებების, განწყობებისა და დამოკიდებულებების ფიქსირებულ კომპლექტს სხვა ეთნიკური ჯგუფების, ხშირად - უმცირესობების, მიმართ.
უფრო ფართო მნიშვნელობით, „ეთნოცენტრიზმს“ ზოგჯერ უწოდებენ, ზოგადად, საკუთარი ჯგუფის (არა აუცილებლად ეთნიკური ჯგუფის) აღმატებულობის რწმენას და მისი ინტერესების ყველა სხვაზე მაღლა დაყენებას. მაგალითად, სიტყვის ამ მნიშვნელობით, ზოგიერთი თეორეტიკოსი „ეთნოცენტრიზმს“ უწოდებს ზოგიერთი ფემინისტის რწმენას, რომ ქალები ადამიანების უფრო აღმატებულ თუ უკეთეს ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე კაცები.
იხილეთ, აგრეთვე: შოვინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Borgatta, E., Montgomery R., eds. (2000). Encyclopedia of Sociology. Macmillan Reference USA