ტერმინი „შოვინიზმი“ ფრანგი ჯარისკაცის, ნიკოლა შოვენის გვარიდან წარმოდგება. შოვენი ნაპოლეონის ჯარში მსახურობდა და სახელგანთქმული იყო თავისი პატრიოტიზმით. სწორედ მისი გვარი დაედო საფუძვლად ფრანგულ სიტყვა „შოვინიზმს“, რომელიც უკიდურესობამდე მისულ და კრიტიკას მოკლებულ პატრიოტიზმს აღნიშნავს. ინგლისურ ენაში ეს სიტყვა ექსტრემალური პატრიოტიზმისთვის დამახასიათებელი იმ ბრმა რწმენის აღსანიშნავად დამკვიდრდა, რომ მავანის ნაცია და კულტურა აბსოლუტურად უკეთესია სხვებისაზე და მათზე მაღლა დგას. შოვინიზმი ასევე გულისხმობს, რომ შოვინისტს აქვს გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის თანდაყოლილი აღმატებულობის რწმენა ყველას მიმართ, ვინც მის კულტურას ან ერს არ მიკუთვნება.
60-იან წლებში ამერიკელმა ფემინსტებმა პატრიოტიზმსა და პატრიარქატს შორის არსებული სემანტიკური კავშირის ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბეს ტერმინი „მამაკაცური შოვინიზმი“ მამაკაცთა იმ რწმენის აღსანიშნავად, რომ როგორც მამაკაცები, ისინი უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ქალები და ყველაფერი მასკულინური ყოველგვარ ფემინურს აღემატება. ეს ტერმინი აღნიშნავს ასევე მამაკაცთა არაკრიტიკულ ლოიალურობას ერთმანეთის მიმართ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed).(2000) Encyclopedia of Feminist Theories, Routledge.