ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ)

Electroconvulsive Therapy (ECT)

ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ) არის თავის ტვინზე ელექტრული ნაკადის ზემოქმედებით გამოწვეული შოკის გამოყენება ისეთი ფსიქიატრიული აშლილობების მკურნალობის მიზნით, როგორებიცაა შიზოფრენია, მანია და, ყველაზე ხშირად, დეპრესია.

თერაპიის ეს სახე მომდინარეობს მოსაზრებიდან, რომელიც მოგვიანებით უარყოფილ იქნა, რომ ეპილეფსიური კონვულსიები და შიზოფრენიული სიმპტომები ერთდროულად არასოდეს ჩნდებიან. ელექტროკონვულსიური ანუ ელექტროშოკური თერაპია პირველად რომში გამოიყენეს 1938 წელს და მას შემდეგ ინტენსიურად იყენებდნენ იმ ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობისას, რომლის გამორჩეული სიმპტომი დეპრესიაა.

პროცედურა ასეთია: პაციენტის საფეთქლებზე ორ ელექტროდს ათავსებენ და მოქმედებენ სუსტი ცვალებადი ელექტრული ნაკადით (75-დან 100 ვოლტამდე) 1/10 წამიდან ერთ წამამდე მანამ, სანამ არ მოხდება კონვულსია. კონვულსია, ჩვეულებრივ, 45-დან 60 წამამდე გრძელდება. პაციენტს წინასწარ ამზადებენ ასეთი მტკივნეული მკურნალობისთვის: ამშვიდებენ ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატებით და კუნთების მოსადუნებელი პრეპარატებით, რასაც იგი უგონო მდგომარეობაში გადაჰყავს და მინიმუმამდე მცირდება ძლიერი უმართავი ფიზიკური რეაქციები. ეკთ, ჩვეულებრივ, ინიშნებოდა კვირაში სამჯერ ორიდან ექვს კვირამდე ხანგრძლივობით. თუმცა, ზოგიერთი მწვავე მდგომარეობის შემთხევაში შესაძლებელი იყო დღეში ორი ან სამი ასეთი სეანსი დაენიშნათ.

მკურნალობის ასეთი კურსის შედეგად ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტია მეხსიერების სხვადასხვა ხარისხით (სახელების დავიწყებიდან მწვავე დაბნეულ მდგომარეობამდე) გაუარესება. მეხსიერების დეფექტი თანდათანობით მცირდება რამდენიმე თვის განმავლობაში. ელექტროკონვულსიური თერაპია მას შემდეგ აღარ გამოიყენება, რაც ტრანკვილიზატორების გამოყენება გახდა შესაძლებელი.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

http://www.britannica.com/EBchecked/topic/541334/shock-therapy

კატეგორია: 
ავტორები: