ორმაგი სისტემის თეორია ფემინისტური თეორიის განშტოებაა, რომელიც გენდერული ურთიერთობებისა და გენდერული უთანასწორობის საფუძვლად კაპიტალიზმსა და პატრიარქატს მოიაზრებს. ორმაგი სისტემის თეორია ერთგვარად აერთიანებს მარქსისტულ ფემინიზმს, რომელიც კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზს ეფუძნება, და რადიკალურ ფემინიზმს, რომელიც პატრიარქატის თეორეტიზებაზეა კონცენტრირებული. ორმაგი სისტემის თეორიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი პატრიარქატისა და კაპიტალიზმის ურთიერთგადაჯაჭვაზე საუბრობს, რომელიც ერთიანად ხდება გენდერული უთანასწორობების მიზეზი. მეორე ნაწილი კი ამ ორ სისტემას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილავს, თუმცა არ უარყოფს მათ შორის კავშირს.
ორმაგი სისტემის თეორიამ ფემინისტებს ანაზღაურებად თუ არაანაზღაურებად სამუშაოზე ქალთა ექსპლუატაციის ანალიზის საშუალება მისცა. მაშინ, როდესაც პატრიარქალური სისტემა ქალს ანაზღაურების გარეშე საოჯახო სამუშაოს შესრულებას აკისრებს, კაპიტალისტური სისტემა ქალის დაბალი სოციალური სტატუსით სარგებლობს და მას იაფ მუშახელად იყენებს. დაბალი ანაზღაურება და სოციალური სტატუსი კი ქალს კვლავ ოჯახზე მიაჯაჭვავს და მამაკაცზე უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის.
ორმაგი სისტემის თეორია მკაცრად გააკრიტიკეს კაპიტალიზმისა და პატრიარქატის მონოლითურ, უცვლელ და არაისტორიულ სისტემებად გაგების გამო. გარდა ამისა, ორმაგი სისტემის თეორიას მხედველობიდან რჩება ჩაგვრის სხვა სისტემები, როგორებიცაა ჰეტერონორმატიული სექსუალობა, ძალადობა, რასიზმი და იმპერიალიზმი და, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გენდერული უთანასწორობის არსებობაში დღეს.
იხილეთ, აგრეთვე: სოციალისტური ფემინიზმი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.