სოციალისტი ფემინისტები ქალთა ჩაგვრის ორ ძირითად წყაროს ხედავენ: ეკონომიკურსა და კულტურულს. მათი აზრით, ქალთა ემანსიპაციისთვის აუცილებელია ჩაგვრის ორივე წყაროს, კაპიტალიზმისა და პატრიარქატის, აღმოფხვრა. სოციალისტი ფემინისტები ისტორიის მანძილზე ყურადღებას ამახვილებდნენ თანასწორობასა და მოქალაქეობაზე. მე-20 საუკუნის სოციალიზმი, მარქსიზმის მსგავსად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გადანაწილებასა და წარმოებას, თუმცა მას მარქსიზმისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოსთან და სოციალურ ცვლილებასთან. სოციალისტი ფემინისტები აქტიურობდნენ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა აბორტის ლეგალიზაცია, განქორწინება, ქალთა განათლებისა და დასაქმების საკითხები. ისინი უფრო რეფორმატორები არიან, ვიდრე რევოლუციონერები. მარქსისტებისგან განსხვავებით, სოციალისტი ფემინისტები არ თვლიან, რომ კლასობრივი ბრძოლა ისტორიული განვითარების ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა. XX საუკუნის 70-იან წლებში სოციალისტი ფემინისტები მარქსისტებსა და ლიბერალებს აკრიტიკებდნენ ისეთი „გენდერულად ბრმა“ კატეგორიების გამოყენებისთვის, როგორებიცაა მუშათა კლასი და ინდივიდი. ფემინისტების აზრით, ეს კატეგორიები უგულებელყოფს სქესობრივ განსხვავებებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.