საოჯახო საქმე მნიშვნელოვანი საკითხია ფემინისტური მოძრაობისათვის. საოჯახო საქმე განიმარტება, როგორც საკუთარი ან სხვისი ოჯახისათვის შესრულებული სამუშაო. ის შესაძლოა მოიცავდეს ბავშვზე ან მოხუცზე ზრუნვას, სახლის დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის რეცხვას და ა. შ.; ის შესაძლოა იყოს მატერიალურად დაბალანაზღაურებადი ან არანაზღაურებადი. არანაზღაურებად საოჯახო საქმეს, ძირითადად, ოჯახის წევრი ქალები ასრულებენ, თუმცა, დაბალანაზღაურებად სახლის სამუშაოზეც უმეტესწილად ქალები არიან დასაქმებულნი. ამიტომაა საოჯახო საქმე ფემინისტური მოძრაობისათვის მნიშვნელოვანი საკითხი.
ფემინისტების მტკიცებით, ის შრომა, რომელსაც ქალი ოჯახისათვის ასრულებს, არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია მამაკაცის მიერ ოჯახს გარეთ შესრულებულ შრომაზე, შესაბამისად, ყველანაირი საოჯახო შრომა უნდა იყოს ანაზღაურებული. ფემინისტი თეორეტიკოსები ქალის მიერ შესრულებული საოჯახო საქმის უგულებელყოფის მიზეზად იმ გამყარებულ სტერეოტიპებს ასახელებენ, რომლთა მიხედვითაც ქალისთვის თანდაყოლილი, ბუნებრივი მოვალეობაა საოჯახო საქმის შესრულება.
იხილეთ, აგრეთვე: საოჯახო შრომის გენდერული დანაწილება
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Antonopoulos R. (2008) The Unpaid Care Work-Paid Work Connection, Working Paper No. 541. The Levy Economics Institute, pp. 4-23, 32-40.
Padavic I. , Reskin B. (2002) Women and Men at Work , Pine Forge Press, London, pp. 143-164.