სამყაროში არსებულ ფიზიკურ საგანსა და ბადურაზე მის გამოსახულებას შორის განსხვავება იმდენად დიდია და მნიშვნელოვანი, რომ ფსიქოლოგები მათ აღქმის ორ განსხვავებულ სტიმულად მიიჩნევენ. გარემოში მოცემულ ფიზიკურ საგანს დისტალური სტიმული ეწოდება, რომელიც განსხვავდება ბადურაზე ოპტიკური გამოსახულებისგან ანუ პროქსიმალური სტიმულისგან.
სხვა სიტყვებით, რისი აღქმაც გვსურს, არის დისტალური სტიმული ანუ გარემოში მოცემული „რეალური“ საგანი, ხოლო სტიმული, რომლიდანაც ინფორმაცია უნდა მივიღოთ, არის პროქსიმალური სტიმული ანუ ბადურაზე მიღებული საგნის გამოსახულება. პროქსიმალური სტიმული შეიძლება ჰგავდეს დისტალურ სტიმულს, მაგრამ ისინი განსხვავებული მოვლენები არიან. შეიძლება ითქვას, რომ აღქმის ძირითადი ამოცანაა პროქსიმალურ სტიმულში მოცემული ინფორმაციიდან დისტალური სტიმულის განსაზღვრა. ეს ეხება აღქმის სხვადასხვა მოდალობას: მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოს და ა. შ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.