სტიმული, რომელიც განმტკიცებას მოასწავებს, რადგან კონკრეტული ქცევა დადებითად იყო განმტკიცებული. ის ქმნის სასურველი/განმტკიცებული ქცევის კონტექსტს. ორგანიზმი სწავლობს, რომ რაიმე სტიმულის თანდასწრებით მის ქცევას გარემოზე განსაზღვრული ეფექტი აქვს.
მაგალითად, ქუჩაში მწვანე შუქის ანთებისას განმტკიცებულია ქუჩის გადაკვეთა, მაგრამ როდესაც წითელი ანთლია, ასეთი ქცევა შეიძლება დაისაჯოს: ამას შედეგად შეიძლება ჯარიმა ან უბედური შემთხვევა მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ანთებული შუქნიშანი დისკრიმინაციული სტიმულის ფუნქციას ასრულებს.
დისკრიმინაციული სტიმული სკინერის მიერ შემუშავებული სამპირობიანი ალბათობის — სტიმული-ქცევა-შედეგი — პირველი პირობაა.
ლაბორატორიულ პირობებში ქცევის შედეგების მანიპულირებასთან ერთად დისკრიმინაციული სტიმულის მიწოდებით შესაძლებელია ქცევის გაკონტროლება. მაგალითად, მტრედს საკვები დისკის კენკვისას მხოლოდ მწვანე შუქის და არა წითელი შუქის ანთების შემთხვევაში შეიძლება მივაწოდოთ. ამ შემთხვევაში მწვანე შუქი დისკრიმინაციული სტიმულია, რომელიც მიგვითითებს იმ შემთხვევაზე, როცა მტრედმა უნდა აკენკოს, ხოლო წითელი შუქი ის დისკრიმინაციული სტიმულია, რომელიც იმ შემთხვევას საზღვრავს, როცა მტრედმა არ უნდა აკენკოს.
ორგანიზმი სწრაფად სწავლობს პირობების გარჩევას. ამის შედეგად, რეგულარულად მხოლოდ ერთ სტიმულზე რეაგირებს და საერთოდ არ რეაგირებს მეორეზე. ამასთან, ორგანიზმი რეაქციას დისკრიმინაციული სტიმულის მსგავს რეაქვიებზეც განაზოგადებს. თუ რეაქცია ერთხელ განმტკიცდა დისკრიმინაციული სტიმულით, მსგავსი სტიმულიც შეიძლება იქცეს დისკრიმინაციულ სტიმულად და იგივე რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, მტრედები, რომლებიც გაწვრთნეს, რომ დისკი მხოლოდ მწვანე შუქის ანთებისას აეკენკათ, განსხვავებული ტონის მწვანე შუქის შემთხვევაშიც გაიმეორებენ ამ ქცევას. ანალოგიურად, ჩვენ შუქნიშნის ნებისმიერი ტონის მწვანე შუქს გზაზე გადასვლის მანიშნებლად აღვიქვამთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.