ექსპერიმენტული სიტუაციის მანიშნებლები, რომლებიც ზემოქმედებენ კვლევის მონაწილეებზე და ანიშნებენ მათ, რას ელიან მათგან ექსპერიმენტატორები.
ექსპერიმენტულ კვლევაში მიღებული შედეგების ერთ-ერთი ალტერნატიული ახნა შეიძლება იყოს ის, რომ მიღებული შედეგები დამოუკიდებელი ცვლადის ზემოქმედებით კი არ იქნა მიღებული, არამედ ექსპერიმენტული სიტუაციის მახასიათებლების გავლენით.
საილუსტრაციოდ მილგრემის ექსპერიმენტი განვიხილოთ: კვლევის მონაწილეებს არწმუნებდნენ, რომ დასწავლის კვლევაში მონაწილეობდნენ და სთხოვდნენ მათ, რომ ე. წ. მოსწავლისთვის წაკითხულ კითხვაზე გაცემული ყოველი არასწორი პასუხისთვის დენი დაერტყათ. მონაწილეები ადრე თუ გვიან გამოთქვამდნენ ექსპერიმენტული სიტუაციის დატოვების სურვილს, თუმცა ექსპერიმენტატორის დაჟინებული თხოვნის შედეგად, მათი დიდი ნაწილი რჩებოდა და აგრძელებდა დავალების შესრულებას. ის შედეგები, რომლებიც მკვლევარმა მიიღო, დამოუკიდებელი ცვლადის — მიღებული ინსტრუქციის — მოქმედების შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს ალტერნატიული ახსნა. დავუშვათ, მილგრემის ექსპერიმენტის მონაწილეები მიხვდნენ, რომ კვლევის შედეგები უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ელექტროშოკით მოქმედებას და ამიტომ აგრძელებდნენ დავალების შესრულებას და არა იმიტომ, რომ ავტორიტეტულმა ექსპერიმენტატორმა დაჟინებით მოითხოვა ეს. სხვა სიტყვებით, ექსპერიმენტული სიტუაციის მოთხოვნებმა, მისმა მოთხოვნითმა მახასიათებლებმა უბიძგეს მონაწილეებს ასეთი ქცევისკენ და არა —რაიმე სხვა ფაქტორმა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.