ისეთი იდეების გენერირებისა და პროდუქტის შექმნის უნარი, რომელიც ახალი, ღირებული და აქტუალურია მოცემულ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ განმარტება მარტივია, ბევრ პრობლემას უკავშირდება, მაგალითად, რა შეიძლება ჩაითვალოს ახალ, ღირებულ და აქტუალურ პროდუქტად.
კრეატულობასთან დაკავშირებული ადრეული კვლევები თარიღდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით, როდესაც იტალიელი ექიმი ჩეზარე ლომბრუზო დაინტერესდა შეშლილობასა და გენიოსობას შორის კავშირის კვლევით და ბრიტანელმა ეუგენისტმა სერ ფრენსის გალტონმა აღნიშნა, რომ გენიოსობა უჩვეულო სიხშირით გვხდება ზოგიერთ ოჯახში და დაასკვნა, რომ გენიოსობა მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. შედარებით გვიანი კვლევები ფროიდისა და მისი მიმდევრების სახელს უკავშირდება, რომლებიც ცდილობდნენ ეკვლიათ რეპრესირებული ლიბიდოს შინაარსის ტრანსფორმაცია ისეთი დიდოსტატების შრომებში, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი. ემპირიული კვლევები კი უკვე II მსოფლიო ომის დროს ჩნდება, როდესაც აშშ საჰაერო ძალებმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორთან, პ. გილფორდთან, გააფორმა ხელშეკრულება ორიგინალური, შემოქმდებითი აზროვნების საკვლევი ტესტების შექმნასთან დაკავშირებით. გილფორდის მიერ შექმნილი ტესტები დღესდღეობითაც საფუძველოა, რომელსაც კრეატულობის გაზომვა და კვლევა ეყრდნობა (მაგ., ტორანსის ტესტი). გილფორდმა (1967) შექმნა ტესტების ბატარეა, რომელიც შემდეგი მახასიათებლებს შეფასების საშუალებას იძლეოდა, როგორც ვერბალურ, ასევე ვიზუალურ სფეროში: (1) სისხარტე (Fluency) - დიდი რაოდენობით იდეებისა და აზრების გენერირების უნარი; (2) მოქნილობა (Flexibility) - სხვადასხვა კატეგორიასა და სფეროსთან დაკავშირებული იდეები, განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის უნარი; (3) უნიკალურობა და უჩვეულობა (Originality) - იდეების რაოდენობა, რომელიც უჩვეულოა მოცემული შერჩევისთვის (მაგ., უჩვეულო პასუხი, რომელიც გამოთქვა მოცემული შერჩევის 5%-ზე ნაკლებმა ან უნიკალური პასუხი, რომელიც გამოთქვა მოცემული შერჩევის 1%-ზე ნაკლებმა).
კრეატულობის, როგორც პროცესის ეტაპებიგავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც კრეატულობა არის თავში უეცარი და მოულოდნელი განათების შედეგი, რაიმე ახლის შექმნა რეალურად ხანგრძლივი და ხანდახან წლების მანძილზე მიმდინარე პროცესის შედეგია. განასხვავებენ კრეატულობის 5 ეტაპს.
მომზადების ეტაპი (Preparation) - კრეატული იდეები ჩნდება მხოლოდ "მომზადებულ" თავში. შეუძლებელია კრეატული იდეა გაჩნდეს იმ სფეროში, რომელშიც ინდივიდი ცოდნას არ ფლობს (მხატვარი იცნობს სხვა ხელოვანების ნამუშევრებს, მეცნიერს აქვს ინფორმაცია იმ სფეროში, რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის).
ინკუბაციის ეტაპი (Incubation) - კრეატული პრობლემების გადაჭრისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიკური აქტივობები ცნობიერების ზღვარს ქვემოთ მიმდინარეობს. ცნობილი არაა ზუსტად რა ხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორც ჩანს პრობლემური სიტუაცია, რომლის იდენტიფიკაცია მოხდა წინა სტადიაზე, პიროვნების კონტროლის გარეშე, ააგრძელებს ქტიურად არსებობას.
ინსიატი (Insight) - როდესაც იდეათა უჩვეულო კომბინაცია საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ არაცნობიერ ცენზურას გაუმკლავდეს, ის ამოდის ცნობიერში და იწვევს „განათების,“ უეცარი წვდომის მომენტს - „ევრიკა“ ან „აჰა“ განცდა - რომელიც კრეატულობის არსია. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ, მოსამზადებელი საფეხურის გარეშე, არ გაჩნდებოდა არანაირი ახალი იდეა, რომელიც წინ უსწრებს ამ იდეის აღმოცენებას და ინტენსიური შრომის გარეშე, რომელიც ამ განცდის მერე კვლავ შესასრულებებლი რჩება.
შეფასება (Evaluation). ახალი იდეები უნდა შეფასდეს იმ წესებისა და კანონების შესაბამისად, რომლებიც მოცემული სფეროს ფარგლებში მოქმედებენ.
დახვეწის ეტაპი (Elaboration). თუ ინდივიდი გამოყენებასა და რეალობაში გადატანას ვერ მოახეხერბს, ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატული იდეაც კი უკვალოდ გაქრება. კრეატული პროცესის ეს საფეხური არ გულისხმობს მოდელის მარტივ ტრანსლაციას. კრეატულ პროდუქტთა უმრავლესობა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, ვიდრე ინსაიტიდან კონრეტულ პროდუქტამდე ჩამოყალიბდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of Psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Chamorro-Premuzic, T. (2011). Personality and Individual Differences, Wiley.