ცნობიერების ამაღლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Consciousness Raising

ცნობიერების ამაღლება ფემინისტური თეორიისა და პოლიტიკური აქტივიზმის განვითარების მეთოდია პირადი გამოცდილებების გაზიარების გზით. ის ქალთა განმათავისუფლებელი ბრძოლის ძირითადი სტრატეგია იყო მეორე ტალღის ფემინისტებისთვის. ფემინისტურ კონტექსტში „ცნობიერების ამაღლების“ ცნება პირველად ნიუ-იორკის რადიკალი ფემინისტური ჯგუფის „წითელწინდიანების“ (Redstockings) წევრებმა გამოიყენეს, რომლებიც სამოქალაქო უფლებებისა და ომის წინააღმდეგ მოძრაობებში კაცების მიერ მათ მიმართ მოპყრობას აპროტესტებდნენ. „წითელწინდიანთა“ წევრები პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ და სათითაოდ ყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებებს სხვადასხვა თემაზე - სქესობრივი როლები, ოჯახური სამუშაო, ურთიერთობები ქალებს შორის, ფული. მათი მიზანი პირადი გამოცდილების საფუძველზე მამაკაცთა დომინაციის სტრუქტურის ანალიზი და ამ ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივიზმის დაგეგმვა  იყო.

ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრების მიზანია, ქალს დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ ის მარტო არ არის, რომ სხვა ქალებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილებები თუ გრძნობები - რომ ქალთა პრობლემები არ არის მათი ინდივიდუალური თავისებურებების, მათი ნაკლოვანების შედეგი, რომ ისინი სტრუქტურულია და სისტემური ჩაგვრის გამოვლინებას წარმოადგენს. ამ ვითარებას გამოხატავს მეორე ტალღის ფემინისტების ცნობილი ლოზუნგი „პირადი პოლიტიკურია“, რომლითაც ხაზი ესმება პირადი გამოცდილებების უშუალო კავშირს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებთან. ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფები მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილების შთაგონების წყარო გახდა მონაწილე ქალებისათვის - სამუშაო გარემოში, სექსუალობის ხედვაში, რელიგიური შეხედულებისა თუ პოლიტიკური აქტივიზმის ახლებურად შეფასებაში. მათ, ასევე, დიდი როლი ითამაშეს ისეთი ინსტიტუტების დაარსებაში, როგორებიცაა ქალთა თავშესაფრები, ლობისტი ორგანიზაციები და აკადემიური პროგრამები. ამ ჯგუფებში ქალებმა ერთობლივად შეიმუშავეს სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების სტრატეგიები. ცნობიერების ამაღლება გახდა ცოდნის შექმნის ფემინისტური ფორმა; მან საშუალება მისცა ქალებს, ანდროცენტრისტული პარადიგმებისგან გათავისუფლებულიყვნენდა საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა შეეექმნათ.

ცნობიერების ასამაღლებელ ჯგუფებში ხშირად რთულია ცხოვრებისეული გამოცდილებების დაკავშირება თეორიასთან ან კოლექტიურ ქმედებასთან, ან კავშირების დამყარება სხვა გამათავისუფლებელ მოძრაობებთან. გარდა ამისა, ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი მცირე ზომისაა და, შესაბამისად, მათ საფუძველზე შექმნილი თეორიები ხშირად მრავალი ქალის გამოცდილებას უგულებელყოფს. ცნობიერების ასამაღლებელი ჯგუფები ძირითადად თეთრკანიანი, განათლებული ქალების მიერ ყალიბდებოდა და, შესაბამისად, ჯგუფში გამოხატვის ფორმასაც და საუბრის შინაარსსაც სწორედ მათი გამოცდილება განსაზღვრავდა. ეს ხელს უშლიდა სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების, სოციალური კლასის, რასისა თუ სექსუალობის ქალების განსხვავებული გამოცდილებების ასახვას. ამ ტიპის სირთულეების გადასალახად შესაძლოა ცნობიერების ასამაღლებელ ჯგუფებში დომინანტური ჯგუფების წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვა, ჯგუფის მრავალფეროვნების გაზრდა, დისკუსიის განმავლობაში თეორიული მასალის წარმოდგენა.

იხილეთ, აგრეთვე: პირადი პოლიტიკურია 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000), Encyclopedia of Feminist Theories, Routlege.

Pilcher, J. & Whelehan, I. (2004). 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.

კატეგორია: 
ავტორები: