ფემინისტური სლოგანი „პირადი პოლიტიკურია“ ფართოდ იყო გავრცელებული მეორე ტალღის ფემინიზმში. ეს ფრაზა პირველად გვხვდება ფემინისტი მწერლის კაროლ ჰანიშის (1970) ნაშრომში „პირადი პოლიტიკურია“. ჰანიშის თანახმად, შეუძლებელია ქალების ჩაგვრასთან ინდივიდუალურად გამკლავება. ის ქალებს კოლექტიური აქტივიზმისკენ მოუწოდებდა. ამ სლოგანის იდეა გვხვდება რაით მილის (1959) წიგნშიც „სოციოლოგიური წარმოსახვა“.
სლოგანს „პირადი პოლიტიკურია“ ორმაგი მნიშვნელობა აქვს:
(ა) ქალების ჩაგვრა სისტემური პრობლემაა. დიდი ხნის განმავლობაში ქალების ჩაგვრის გამოცდილება მათი პირადი, ინტიმური, ინდივიდუალური პრობლემების შედეგად მიიჩნეოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა ამ ჩაგვრის ერთიანი სურათის დანახვას. ჩაგვრის სისტემურობასა და სტრუქტურულობას კიდევ უფრო უხილავს ხდიდა დასავლურ საზოგადოებებში გაბატონებული გამიჯვნა პირად, კერძო და საზოგადო სფეროებს შორის. ქალების ცხოვრება და საქმიანობა შემოისაზღვრებოდა ოჯახით, რომელიც, ამ გამიჯნვის მიხედვით, ცხოვრების პირად სფეროს მიეკუთვნებოდა. ამას ორმაგი ეფექტი ჰქონდა: ერთი მხრივ, ოჯახური ურთიერთობები იზოლირებული, „დაცული“ იყო სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩარევისაგან; მეორე მხრივ, ისინი არ გაიგებოდა, როგორც საზოგადოების სტრუქტურული მახასიათებლებითა და მასში მოქმედი სისტემური ძალებით განსაზღვრული. ფემინისტებმა გამოკვეთეს, რომ ქალების „პირადი“ პრობლემები, სინამდვილეში, ჩაგვრის სისტემით არის განპირობებული ანუ ისინი პოლიტიკურია და მათი მოგვარების გზაც პოლიტიკური უნდა იყოს. ფემინისტები მიიჩნევენ, რომ ცხოვრების ნებისმიერი სფერო შეიძლება, გახდეს პოლიტიკური ანალიზისა და აქტივიზმის საგანი.
(ბ) პირადი, ყოფითი ქმედებები, ყოველდღიური გადაწყვეტილებები პოლიტიკური ემანსიპაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. პირადი ცხოვრება არ არის და ვერ იქნება გამიჯნული პოლიტიკური, საზოგადოებრივი აქტივიზმისგან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.