ტერმინი „კომორბიდულობა“ (ლათ. co - ერთად + morbus – ავადმყოფობა) შემოიტანა ამერიკელმა ექიმმა, მკვლევარმა და ეპიდემიოლოგმა ა.რ. ფეინშტეინმა (A. R. Feinstein), რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლინიკური დიაგნოსტირებისა და კვლევების წარმოების ტექნიკაზე. მან ამ ფენომენის არსებობა მწვავე რევმატიული ციებ-ცხელების მქონე სომატურ ავადმყოფებზე აჩვენა, რომელთა შორის უარესი პროგნოზის მქონეთ, იმავდროულად, რამდენიმე სხვა დაავადებაც აღენიშნებოდათ.
მედიცინამეციდინაში კომორბიდულობა აღწერს იმ ყველა სხვა დაავადების გავლენას მოცემულ პაციენტზე, რომელიც, შესაძლოა, პირველადი დაავადების გარდა აღენიშნებოდეს მას. ამასთან, მედიცინაში ტერმინს სამი უფრო კონკრეტული განმარტება აქვს:
- პაციენტში იმ სამედიცინო მდგომარეობაზე მითითება, რომელიც სხვა მდგომარეობასთან ერთად, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად არსებობს (ეს შედარებით მოძველებული, მაგრამ უფრო „სწორი“ განსაზღვრებაა);
- პაციენტში იმ სამედიცინო მდგომარეობაზე მითითება, რომელიც იწვევს, თავად არის გამოწვეული ან რაიმე სხვა გზით უკავშირდება იმავე პაციენტის სხვა მდგომარეობას (ეს შედარებით ახალი, არასტანდარტული და ნაკლებად მიღებული განსაზღვრებაა);
- პაციენტში ორ ან მეტ სამედიცინო მდგომარეობაზე მითითება, რომელიც ერთდროულად არსებობს, განურჩევლად მათი მიზეზობრივი ურთიერთმიმართებისა.
მედიცინაში გამოიყენება ჩარლსონის ინდექსი (Charlson index), რათა მოხდეს პაციენტის ათწლიანი სიკვდილიანობის პროგნოზირება, რომელსაც, შესაძლოა, აღენიშნებოდეს მთელი რიგი კომორბიდული მდგომარეობებისა (მაგალითად, გულის დაავადებები, შიდსი ან სიმსივნე, სულ 22 დაავადება). თითოეული დაავადება ექვსქულიან სკალაზე ფასდება მასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკის მიხედვით. ქულები ჯამდება და შედეგად სიკვდილიანობის პროგნოზირების ჯამური ქულა მიიღება, რომელიც კლინიცისტს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რამდენად აგრესიული მკურნალობის კურსი უნდა დანიშნოს მოცემული დაავადებისთვის. მაგალითად, სიმსივნის მქონე პაციენტს, ასევე, შეიძლება აღენიშნებოდეს გულის დაავადება და დიაბეტი. ეს კომორბიდული მდგომარეობები იმდენად მწვავე შეიძლება იყოს, რომ სიმსივნის მკურნალობის ხანმოკლე შედეგი გადაწონოს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში კონსულტირებაში კომორბიდულობას ერთ ინდივიდში ერთდორულად ერთზე მეტი დიაგნოზის არსებობას უწოდებენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ფსიქიატრიულ კლასიფიკაციაში კომორბიდულობა აუცილებლობად არ მოიაზრებს რამდენიმე აშლილობის არსებობას. ის მხოლოდ ეხმარება კლინიცისტს დიაგნოზის დასმაში მაშინ, როდესაც არსებული სიმტომების საფუძველზე შეუძლებელია მხოლოდ ერთი დიაგნოზის დასმა. მაგალითად, DSM-5-ის I ღერძზე ძალზე გავრცელებული კომორბიდული აშლილობაა კლინიკური დეპრესიული აშლილობა, II ღერძზე განლაგებულ პიროვნულ აშლილობებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ძალზე მაღალია მათი კომორბიდულობის სიხშირე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 60%-ს აღწევს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.