კოგნიტური დისონანსი

Cognitive Dissonance

კოგნიტური დისონანსი არის თეორია, რომლის მიხედვითაც, არათავსებადი კოგნიტური ელემენტების მიერ შექმნილი დაძაბულობა ადამიანს უბიძგებს, მოახდინოს ასეთი დაძაბულობის შემცირება.

კოგნიტური დისონანსი თეორია სოციალური ფსიქოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მისი ავტორი ლეონ ფესტინჯერია (1957).  მისი განმარტებით, კოგნიტური დისონანსი კონფლიქტის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღების, ქცევის განხორციელების ან მისი რწმენების, გრძნობების და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაცის მიღების შემდეგ.

დისონანსს მოტივაციური ძალა აქვს. ის უსიამოვნო გრძნობის შემცირებაზე მიმართული ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს ადამიანს. დისონანსის შემცირების მოტივაცია იზრდება კოგნიტური შეუსაბამობით შექმნილი დისონანსის ზომის შესაბამისად: რაც უფრო ძლიერია დისონანსი, მით უფრო დიდია მისი რედუცირების მოტივაცია.

ასობით ექსპერიმენტმა და რეალურმა დაკვირვებებმა აჩვენეს კოგნიტური დისონანსის ძალა: მას შეუძლია დამოკიდებულებებისა და ქცევების შეცვლა. ბიბლიური დროის ბრძენებმა იცოდნენ ეს პრინციპი. ისინი რაბინებს ავალებდნენ, რომ ადამიანებისგან არ მოეთხოვათ რწმენის დადასტურება მანამ, სანამ ისინი არ ილოცებდნენ. მხოლოდ ლოცვის შემდეგ ითხოვდნენ მათგან რწმენის აღიარებას.

ძლიერი დისონანსის პირობებში მომხდარი ფაქტის შემდეგ ინდივიდი საკუთარი ქცევის გამართლების მიმართულებით მოქმედებს და თვითდარწმუნებას იწყებს. ეს ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ დამოკიდებულებების შეცვლის ერთ-ერთი გზა, პირველ რიგში, ქცევის შეცვლაა.

ბოლო დროს მკვლევრები დაინტერესდნენ იმის გარკვევით, რამდენად შეიძლება დისონანსის ეფექტების სხვა კულტურებზე განზოგადება. მაგალითად, ცნება ‘მე’ განსხვავებულად ესმით სხვადასხვა კულტურაში. აზიურ კულტურაში მე-კონცეფცია ურთიერთდამოკიდებულია (სოციალურ ჯგუთან გაიგივებული), ხოლო დასავლურ კულტურაში კი დამოუკიდებელი და ინდივიდის უნიკალობის ამსახველი. კოგნიტური დისონანსის სფეროში ჩატარებული კვლევები უჩვენებს, რომ ადამიანები კოგნიტურ დისონანსს განიცდიან ანუ, შინაგანი მეს წონასწორობის მიღწევას მხოლოდ მაშინ ცდილობენ, როცა ისინი თავს სოციალური გარემოსგან დამოუკიდებლად თვლიან.

დისონანსის კლასიკური ექსპერიმენტი: კოლეჯის სტუდენტებმა მოატყუეს სხვა სტუდენტები და შემდეგ იმ შემთხვევაში უფრო მეტად დაიჯერეს საკუთარი ტყუილი, როცა ამ ქცევისათვის საკმაოდ უმნიშვნელო ჯილდოს იღებდნენ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, მეგობრის რჩევის საწინააღმდეგოდ, საყიდლად შეარჩიეთ გარკვეული ტიპის მანქანა. რატომ უნდა გაგიჩნდეთ ეჭვი თქვენი არჩევანის სისწორის თაობაზე? მიიჩნევენ, როცა ადამიანმა იცის, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა არ თანხვდება ერთმანეთს (სხვა სიტყვებით, დისონანსშია ერთმანეთთან) ანუ ქცევა არ შეესაბამება დამოკიდებულებას, ჩნდება უარყოფის, თავის არიდების მდგომარეობა და ადამიანი მის შემსუბუქებას, შემცირებას ცდილობს. დისონანსის შემცირების ტენდენცია ამ მდგომარეობის უსიამოვნების განცდით აქტივირდება. მანქანის მარკის შერჩევის შემთხვევაში, თავდაცვითი პოზიცია – ანუ თქვენი არჩევანისათვის გადაჭარბებული ღირებულების მინიჭება - საშუალებას გაძლევთ, აირიდოთ ეს უსიამოვნო განცდა და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ (დისონანსმა, შესაძლოა, გიბიძგოთ, რომ მეგობარზე ცუდადაც კი იფიქროთ).

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: