ემოციის კოგნიტური შეფასების თეორიის მიხედვით, ემოციის განცდა კოგნიტური შეფასებისა და ფიზიოლოგიური განცდების ერთობლივი ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება. ლაზარუსის აზრით, რომელიც კოგნიტური შეფასების ერთ-ერთ წამყვან ავტორად მიიჩნევა, ემოციური განცდა გარემოსთან მიმდინარე ტრანზაქციებსაც მოიცავს და არ არის მხოლოდ თავის ტვინში ან პიროვნებაში ლოკალიზებული პროცესი. ემოციის კოგნიტური შეფასების მთავარი მიზანი გაურკვეველი და ორაზროვანი შინაგანი მდგომარეობების დახარისხება და „ეტიკეტირებაა“.
ემოციის კოგნიტური შეფასებით, ორგანიზმი ფიზიოლოგიურ აგზნებებს იმ გარემოებებისა და კონტექსტის მიხედვით გაიაზრებს, რომელშიც განიცადა ისინი. გარდა ამისა, ემოციის კოგნიტური შეფასების ერთ-ერთ ფუნქცია სტრესორის შეფასებაა, რათა სათანადოდ და სწორად მოხდეს მისი ამოცნობა და ორგანიზმმა მოახერხოს დაძლევისათვის საჭირო რესურსებისა და სტრატეგიების მობილიზება.
ლაზარუსი თავის თეორიაში ორი ტიპის კოგნიციას გამოყოფს: 1. ცოდნა (როდესაც პიროვნებამ იცის საკუთარი გარემოს შესახებ); 2. შეფასება (იმ ცოდნისა და სხვა საჭირო საკითხების შეფასება, რომელიც სჭირდება პიროვნებას, რომ სტიმული თავისთვის პიროვნულად მნიშვნელოვნად გარდაქმნას).
ცოდნა შეფასების წინაპირობაა. თავის მხრივ, შეფასება ასევე ორ სხვადასხვა მიმართულებად იყოფა: 1. პირველადი შეფასება, რომელიც ინდივიდთან კავშირში მყოფი კონკრეტული სტიმულის ან სიტუაციის შესაფასებლად გამოიყენება; 2. ინდივიდის პირადი უნარების შეფასება, რომლებიც სიტუაციასთან გასამკლავებლადაა საჭირო.
ლაზარუსის აზრით, ემოციის აღმოცენება მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა პირველადი შეფასება მთავრდება. ამგვარად, პირველადი შეფასება ემოციის განცდის აუცილებელი წინაპირობაა მაშინ, როცა მეორადი შეფასება არ არის.
არსებობს გარკვეული ემპირიული მონაცემები, რომლებიც ამ თეორიის სიზუსტეს ადასტურებენ, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ეჭვქვეშ აყენებს ლაზარუსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. მაგალითად, ზაიონცმა ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ არსებობს გარკვეული პირობები და სიტუაციები, რომლებშიც შესაძლებელია მსჯელობისა და შეფასების (თუნდაც არაცნობიერი) გარეშე, რაღაცისთვის უპირატესობის მინიჭება და მიზეზის გაცნობიერების გარეშე ემოციის განცდა.
აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ კოგნიტურ შეფასების როლს ემოციური განცდის პროცესში მნიშვნელოვან, მაგრამ არა ერთდადერთ კომპონენეტად მივიჩნევთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები ნამდვილად აკვირდებიან გარემოს, რათა ახსნან თავიანთი გრძნობები, თუმცა არის სიტუაციები, როცა ემოციური განცდა ფიზიოლოგიური საპასუხო რეაქციაა, რომელიც ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული შინაგანი კავშირების კონტროლს ექვემდებარება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Carsrud, A; Brännback. M. (2009) Understanding the Entrepreneurial Mind: Opening the Black Box. Springer