მოქალაქეთა ჩართულობა მართვაში

Civic Engagement in Public Administration

ეფექტური დემოკრატიული ჩართულობის თეორიები საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 1980-იანი წლებიდან აქტიურ განვითარებას იწყებს. ჩართულობის მიზანია, მოქალაქე გახდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი და არა მსხვერპლი ან ობიექტი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღება ანონიმური სააგენტოს თუ სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ. ჩართულობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია: 1. ოფიციალური პირების თანაბრად ინდივიდების, ჯგუფების, ექსპერტების, დაინტერესებული მხარეებისა და რიგითი მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღებაში და მათთან ერთად დღის წესრიგის განსაზღვრა; 2. გამოცდილებისა და დახვეწის შესაძლებლობის მიცემა ორივე მხარისთვის; 3. გადაწყვეტილების მიღების პორცესზე ხელმისაწვდომობა; 4. შესაძლებლობა გავლენა მოახდინო ოფიციალურ პირზე; 5. ჩართულობისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა (Joel A. Tickner, 2001). საჯარო მონაწილეობა არის მოქალაქეების ჩართულობა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში იმის შესახებ, რაც აინტერესებთ მათ ან გავლენას ახდენს მათზე. ჩართულობის ძირითადი მიზეზი არის მოქალაქეების სურვილები და საჭიროებები. თუ ვიცავთ დემოკრატიულ პრინციპებს, დემოკრატიული სახელმწიფოს კულტურული და სოციალური გარემო გაჯერებულია დამოკიდებულებით, რომლის თანახმად ხალხს აქვს უფლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც გავლენას ახდენს მასზე (Bryson, Carroll. 2002).

საზოგადოებრივ ან სამთავრობო დონეზე პოლიტიკური თუ სოციალური ჩართულობის მიზანია სტატუს კვოს შენარჩუნება ან გაუმჯობესება არსებული მდგომარეობისა, გავლენის მოხდენა პოლიტიკის ფორმულირებაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე. კრეიგტონის  მიხედვით, საჯარო ჩართულობა, ესაა პროცესი, რომელშიც ხალხის საჭიროებები და ღირებულებები კომბინირებულია სამთავრობო გადაწყვეტილებებთან (Creighton, 2005). ეს არის ორმხრივი კომუნიკაცია და ურთიერთქმედება, საერთო მიზნის (უკეთესი გადაწყვეტილების მიღება) მისაღწევად. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD, 2001) თანახმად, მთავრობისა და მოქალაქეების ურთიერთქმედება მოიცავს პოლიტიკის  ციკლის ყველა საფეხურს, პოლიტიკის დაგეგმვიდან მის განხორციელებასა და შეფასებამდე. მოქალაქეთა ჩართულობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1. ინფორმირება - არის ცალმხრივი პროცესი, სადაც სამთავრობო ოფიციალური პირები უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისათვის. ამ ტიპის ურთიერთქმედებაში მოქალაქეს პასიური როლი აქვს და დამოკიდებულია მთავრობის მიერ ინფორმაციის აქტიურად მიწოდებაზე. 2. კონსულტირება - ორმხრივი ურთიერთქმედების პროცესი, მოქალაქეებს ეძლევათ უკუკავშირის შესაძლებლობა. 3. აქტიური მონაწილეობა  ანუ ორმხრივი ურთიერთქმედება ემყარება პარტნიორობას, სადაც მოქალაქეს აქვს აქტიური როლი და მონაწილეობს პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. ეს ბოლო სტადია აღიარებს მოქალაქის პოზიციის მნიშვნელობას პოლიტიკის ალტერნატივების შეთავაზებასა და პოლიტიკური დიალოგის ფორმირებაში, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე ან პოლიტიკის ფორმულირებაზე საჯარო სექტორი წარმომადგენლების ხვედრია (Haruta, Radu, 2009). აქტიური მოქალაქეობის პრინციპი შერი არნშტეინის „საზოგადოებრივი მონაწილეობის კიბის“ მასამე საფეხურში, რომელიც მოქალაქეები ფლობენ ძალაუფლებას ზეგავლენა მოახდინონ სამთავრობო გადაწყვეტილებებზე. ამ საფეხურში იგულისხმება პარტნიორობა, ძალაუფლების დელეგირება და სამოქალაქო კონტროლი (Steve Martin, 2007).

***  

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: