თავის ტვინის ნაწილი, რომელიც შედგება ნათხემის ქერქისა და თეთრი ნივთიერებისგან. ნათხემის თეთრი ნივთიერების სიღრმეში ნათხემის ბირთვებია განლაგებული (კარვის, მომრგვალებული, საცობისებრი და დაკბილული). ის მდებარეობს ტვინის ღეროს დორსალურად, ნათხემის კარვის ქვემოთ და კეფის ძვლისგან შიგნით. ნათხემი ტვინის ღეროზე ნათხემის 3 წყვილი ფეხის საშუალებითაა მიმაგრებული.
ნათხემში არჩევენ შუა ხაზზე მდებარე ჭიასა და მის გვერდებზე განლაგებულ ჰემისფეროებს. ის საშუალოდ 120-150 გრამს იწონის და თავის ტვინის წონის მხოლოდ 10%-ს შეადგენს.
ნათხემი აერთიანებს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა უბნიდან მიღებულ სენსორულ და სხვა ტიპის ინფორმაციას მიმდინარე მოძრაობების კოორდინირებისა და მოტორულ დაგეგმვაში მონაწილეობის მისაღებად. ის პასუხისმგებელია სხეულის პოზის, წონასწორობის შენარჩუნებაზე, კუნთთა ტონუსის რეგულაციასა და მოძრაობების მოქნილ განხორციელებაზე.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 244-256
Blumenfeld, H. (2010) Neuroanatomy through clinical cases; Sinauer Associates, Inc. Pp. 697-703