კათარზისი

Catharsis

ძლიერი და, როგორც წესი, განდევნილი, რეპრესირებული ემოციების გამოხატვის პროცესი, რომელსაც შედეგად სდევს ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირება.

ცნება პირველად შემოიტანა არისტოტელემ იმ ეფექტის ასახსნელად, რომელიც თეატრში ტრაგედიას შეიძლება ჰქონდეს მაყურებელზე - დრამის ტრაგიკული მოვლენები მაყურებელში მწუხარებისა და შიშის ჩანაცვლებულ განცდას იწვევს, რაც შემდგომში მას ამ გრძნობებისაგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.

კათარზისულ რიტუალს რელიგიასა და მაგიაში დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა, მისი, როგორც თერაპიული საშუალების ფორმალური გამოყენება, ზიგმუნდ ფროიდისა და ვენელი ექიმის, იოსებ ბრეირის, სახელს უკავშირდება. ბრეიერმა და ფროიდმა განახორციელეს ისტერიის ფსიქოლოგიური მიზეზებისა და თერაპიის მეთოდების ერთობლივი კვლევა. თერაპიული მეთოდი ეფუძნებოდა პაციენტებისთვის დავიწყებული, განდევნილი განცდების ჰიპნოტურ მდგომარეობაში გაახსენებასა და აღდგენას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ერთობლივი პუბლიკაციის, წიგნის სახით “ისტერიის კვლევა” (1895), რომელშიც ავტორები ასკვნიან, რომ პაციენტთა ისტერიული სიმპტომები განპირობებულია ცხოვრებისეული შთამბეჭდავი, მაგრამ დავიწყებული მოვლენებით - ტრავმებით. შემდეგში ფროიდი კათარზისით, როგორც მეთოდით უკმაყოფილოა, რამდენდაც მას არ მოსწონს ის დროებითი შედეგები, რომლებიც მეთოდის გამოყენებას სდევს თან და ფსიქოანალიზის აქცენტი ადრეული მეხსიერების უფრო ინტელექტუალურ განზომილებაზე გადააქვს. ფსიქოანალიზის პირველადი მიზანი ინსაიტი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორთოდოქსულმა ფსიქოანალიზმა ზურგი აქცია კათარზისს, ინტერესი კათარზისის მიმართ მაინც არ შენელებულა. ვილჰელ რაიხი, ვენელი ფსიქიატრი, რომელიც სწავლობდა ფროიდთან, ყურადღებას ამახვილებს ემოციურ კათარზისზე - ემოციებისგან განმუხტვა და კუნთური დაძაბულობისგან რელაქსაცია, რომელიც ამ ემოციებს ახლავს თან, მისი თეორიის ცენტრალური ნაწილის. რაიხი თანამედროვე კათარზისული მეთოდის პიონერად ითვლება ფსიქოთერაპიაში.

კათარზისი, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოთერაპიის ცენტრალური მიზანია. თუმცაღა, კათარზისული ემოციების გამოხატვის სამკურნალო ფუნქცია ხშირად კრიტიკისა და კამათის საგანია და მისი ეფექტურობის შესახებ ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები დღესაც აქტიურად განიხლება. შეხედულებებს შორის განსვლა  ძირითადად ეფუძნება იმას, თუ რამდენად არის კათარზისი აქტიური ან პასიური პროცესი. განსხვავებულ შეხედულებებს მივყავართ კონსტრუქტის განსხვავებულ განმარტებას, ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან. მიუხედავად ამ ურთიერთსაპირისირო შეხედულებებისა, რომელიც არსებობს კათარზისის, როგორც თერაპიული მკურნალობის მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, მას მაინც უმრავი მიმდევარი ჰყავს, თუმცა მხოლოდ ემოციური განმუხტვა სხვა ცვლადების არ არსებობის გარეშე, არ განიხილება, როგორც თერაპიული ეფექტის მქონე.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: