ფემინისტური ანტიმილიტარიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Antimilitarism, Feminist

ფემინისტური ანტიმილიტარიზმის თეორიის მიხედვით, მილიტარიზმი ძირეულ კონფლიქტშია ქალების ინტერესებთან, რადგან, როგორც დედები, ქალები მეტად არიან მიდრეკილნი, გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და საფრთხეში არ ჩააგდონ ის. ანალოგიურ მოსაზრებაზე დაყრდნობით, ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლებისათვის მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ თუ ქალების რიცხვი პოლიტიკოსთა შორის მოიმატებდა, მნიშვნელოვნად დაიკლებდა ომის საფრთხე. თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი აკრიტიკებს, როგორც ისეთ ესენციალისტურ შეხედულებაზე დამყარებულს, რომლის მიხედვითაც ქალები ბუნებით ნაკლებ აგრესიულები არიან.

დღეს ფემინისტური ანტიმილიტარიზმის არგუმენტები ქალების სოციალიზაციის შედეგად მიღებულ გამოცდილებას უფრო ეყრდნობა, ვიდრე მათ ბიოლოგიურ თავისებურებებს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ყველა ქალი უცილობლივ ანტიმილიტარისტი არ არის, მაგრამ არსებულ გენდერულ სისტემაში ქალად და კაცად სოციალიზაციის თავისებურებები მოსალოდნელს ხდის, რომ ქალებს კაცებზე მეტად ექნებათ ანტიმილიტარისტული დამოკიდებულებები და განწყობები. ფემინისტების აზრით, მილიტარისტული და მასკულინური იდეოლოგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ბიჭებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ისინი ნამდვილ მამაკაცებად მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდებიან, თუ ისეთ გრძნობას დათრგუნავენ, როგორიცაა თანაგრძნობა და აგრესიულები და დომინანტურები იქნებიან. შესაბამისად, მილიტარიზმის აღმოფხვრა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მასკულინობის საბაზისო ელემენტების ტრანსფორმაცია მოხდება. ანტიმილიტარისტი ფემინისტების აზრით, ომის მეინსტრიმული გაგება შეზღუდულია, რადგან მას სხვადასხვა განზომილებიდან არ განიხილავს. ის პატრიარქალურ სისტემას ომის წარმომქმნელ ერთ-ერთ მიზეზად არ თვლის.

ფემინისტი მკვლევარი სინტია კოკბერნი პატრიარქატისა და მილიტარიზმის ურთიერთმიმართებას ნაციონალიზმის თეორიასაც უმატებს და მათ ერთმანეთზე გადაჯაჭვულობას შემდეგნაირად ხსნის: ნაციონალიზმს სჭირდება პატრიარქატი და დამოკიდებულია მასზე, რადგან პატრიარქატი მისთვის უზრუნველყოფს იმას, რომ ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ თაობას, ახალ პატრიოტებს; მილიტარიზმს ესაჭიროება პატრიარქალური წყობა, რადგან ქალები გააჩენენ და აღზრდიან ახალ ჯარისკაცებს; ხოლო პატრიარქატს ესაჭიროება ორივე, ნაციონალიზმიც და მილიტარიზმიც, რადგან ეს ორი წარმოშობს „ჭეშმარიტად“ მასკულინურ მამაკაცს. შესაბამისად, ფემინიზმი, როცა პატრიარქატს ეწინააღმდეგება, იმავდროულად, ნაციონალიზმსა და მილიტარიზმს ემუქრება. აქედან გამომდინარე, ის ვინც ფემინისტია, ანტიმილიტარისტულ შეხედულებებსაც უნდა იზიარებდეს. სწორედ ასეთი მრავალმხრივი მიდგომა მიაჩნიათ ფემინისტებს მილიტარიზმთან ბრძოლის ერთადერთ სრულყოფილ მეთოდად.

ვირჯინია ვულფის აზრით, ქალებს საზოგადოებაში თავიანთი მარგინალიზებული პოზიციის წყალობით შესწევთ უნარი, დაინახონ მილიტარიზმის დამანგრეველი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და ამიტომ სწორედ მათ უნდა შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური გაერთიანება, რათა ებრძოლონ მას. ეს თეორია პრაქტიკულად მეოცე საუკუნის 80-იან წლებში განხორციელდა, როცა ქალები ბირთვული იარაღის გამოყენების პრაქტიკას დაუპირისპირდნენ. მათ უკუაგდეს იერარქიულობა და თავიანთი პოლიტიკური აქტივიზმით აჩვენეს, როგორი იქნებოდა ქალის პოლიტიკაში მონაწილეობა - აქტიური, კონსტრუქციული თუ ემპათიური. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Cockburn, S (2014) Feminist Antimilitarism: Patriarchy, Masculinities and Gender Awareness in Antiwar Organizing,Cape Town, Women Peacemakers Program

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge, pp. 44-45

Enloe, C. (1983) Does Khaki Become You? London, Pluto Press.

Harris, A. and King, Y. (1989) Rocking the Ship of State, Boulder, CO, Westview Press.

Woolf, V. (1938) Three Guineas, London, Hogarth Press.

კატეგორია: 
ავტორები: