თეთრკანიანთა პრივილეგია უპირატესობათა განსაკუთრებული წყებაა, რომლითაც სისტემატურად სარგებლობენ თეთრკანიანი ან თეთრკანიანად აღქმული ადამიანები. თეთრკანიანთა პრივილეგიის სამეცნიერო შესწავლა 80-იანი წლებიდან იწყება. მას თეთრკანიან ფემინისტთა თეორიისა და პრაქტიკის კრიტიკამ ჩაუყარა საფუძველი. შავკანიანი ქალები თეთრკანიან ფემინისტებს ადანაშაულებდნენ რასობრივი პრივილეგიების არსებობაზე თვალის დახუჭვაში.
თეთრკანიანთა პრივილეგიას ხშირად ხსნიან „უხილავი ზურგჩანთის“ მეტაფორით, რომელიც თეთრკანიან ადამიანებს მუდამ თან აქვთ, თუმცა ვერ ამჩნევენ. ეს მეტაფორა პეგი მაკინტოშს ეკუთვნის. თავის ნაშრომში ის ხსნის, რომ ხშირად თეთრკანიანები ვერ ამჩნევენ, რომ შეუძლიათ, თავიანთი დროის უდიდესი ნაწილი საკუთარი რასის წარმომადგენლებთან ერთად გაატარონ; რომ მეზობლებს არასოდეს ექნებათ მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ კანის ფერის გამო; რომ მათ შეუძლიათ საკუთარი რასის წარმომადგენლებს უყურონ ტელევიზიასა და პრესაში; რომ მათ შვილებს სკოლაში ისეთი ლიტერატურით ასწავლიან, რომელიც მათი რასის არსებობას ცნობს, რომ მათ სანდოობაში ეჭვს არავინ შეიტანს რასის გამო და ა. შ. ცხადია, რასობრივი პრივილეგიის ხარისხი უპირობო არ არის და ის კავშირშია კლასობრივ განსხვავებებთან, შერეულ ქორწინებასთან და სხვა ფაქტორებთან.
ითვლება, რომ თეთრკანიანთა პრივილეგია რასობრივ ესენციალიზმს ემყარება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა რასის არსებობა ბუნებრივი მოცემულობაა. რასობრივი ესენციალიზმი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რასობრივი დომინაციის სისტემის წარმატებისათვის, რადგან დაშვება, რომ რასობრივი იდენტობა ბუნებრივია და უცვლელი, სხვადასხვა რასასთან ასოცირებული სოციალური როლების უცვლელობასაც უზრუნველყოფს. რასობრივი სეგრეგაცია და დისკრიმინაცია მხოლოდ ადამიანთა რასობრივი მარკირების პირობებშია შესაძლებელი. ბოლოდროინდელი ფემინისტური და რასის კრიტიკული თეორიები რასის სოციალურად კონსტრუირებულ ბუნებაზე მსჯელობენ. ისინი იკვლევენ თეთრკანიანობის პერფორმატიულ ხასიათს, ასევე იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს პრივილეგია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routlege, 2000.