დისკურსი (როგორც ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის ტერმინი) გულისხმობს იმ დებულებათა ჯგუფს, რომლებიც სტრუქტურაში აქცევს ჩვენ მიერ ამა თუ იმ საკითხის გააზრებას და განაპირობებს ჩვენს ქმედებას ამგვარი გააზრების საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დისკურსი არის გარკვეული ცოდნა სამყაროს შესახებ, რომელიც აყალიბებს იმას, თუ როგორ გაიგება სამყარო, მისი წესრიგი. დისკურსის ცნება ცენტრალურია მიშელ ფუკოს თეორიული არგუმენტებისა და მისი მეთოდოლოგიისთვის. დისკურსი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ენის გარკვეული ფორმა, საკუთარი წესებით, პირობებითა და ინსტიტუტებით, რომელთა ფარგლებშიც ხდება დისკურსის შექმნა და გავრცელება“. მაგალითად, სამედიცინო დისკურსი მოიცავს მედიცინის სპეციფიკურ ენას, იმ ცოდნას, რომელსაც ის ქმნის და იმ პროფესიულ ინსტიტუტებსა და სოციალურ სივრცეებს, რომელიც მას უკავია. დისკურსი წარმოშობს სუბიექტებსაც: მაგალითად, სამედიცინო დისკურსი სხვა სუბიექტურ პოზიციებს შორის ქმნის ექიმებს, მედდებს/მედძმებს და პაციენტებს (ლინდა ნიდი). ხელოვნებაც შეიძლება გავიგოთ, როგორც დისკურსი, როგორც ცოდნის სპეციალიზებული ფორმა. დისკურსები გამოთქმულია სხვადასხვაგვარი ვერბალური თუ ვიზუალური ტექსტების, სახე-ხატების მეშვეობით და ასევე იმ სხვადასხვა პრაქტიკითაც, რომელთა განხორციელების საშუალებასაც ეს ენები იძლევა. დისკურსის ცნების გასაგებად უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერტექსტუალობა. იგი გულისხმობს, რომ ცალკეული ვერბალური თუ ვიზუალური ტექსტის მნიშვნელობები დამოკიდებულია არა მხოლოდ ამ ტექსტსა თუ ნახატზე, არამედ ამავე დისკურსში შემავალი სხვა ვიზუალური თუ ვერბალური ტექსტების მნიშვნელობებზეც.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Rose, G.(2007).Visual Methodologies, SAGE