მატრიარქატი (წარმოდგება სიტყვიდან „მატრიარქი“, რაც ნიშნავს ოჯახის ან ტომის ქალ მმართველს (ბერძნული: matri - დედა, archon - მართვა, მმართველი) და შეიქმნა სიტყვა „პატრიარქის“ ანალოგიით) აღნიშნავს სოციალურ სისტემას, რომელშიც ქალი პრივილეგირებულია და დედას უპირობო ძალაუფლება და ავტორიტეტი აქვს. მატრიარქატულ საზოგადოებაში გვაროვნული ჯგუფები ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე იქმნება. მატრიარქატი დედის ძალაუფლებაზე მიუთითებს, ხოლო გინოკრატია - ზოგადად - ქალების ძალაუფლებაზე. მიუხედავად ამ განსხვავებისა, ტერმინ „მატრიარქატს“ ხშირად საზოგადოებაში ქალების პრივილეგირებული პოზიციის აღსანიშნავად იყენებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ მატრიარქატი წინ უსწრებდა პატრიარქატს და ადრეკლასობრივ საზოგადოებებში ძალაუფლება ქალების ხელში იყო. ფრიდრიხ ენგელსის აზრით, ვიდრე მემკვიდრეობა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე გადაეცემოდა, მამაკაცები სრულ ძალაუფლებას არ ფლობდნენ. აფრიკელი ფემინისტები ამტკიცებენ, რომ აფრიკული მატრიარქატი არ ნიშნავს ქალების უპირობო ბატონობას და არ შეესაბამება დასავლელი ფემინისტების წარმოდგენებს. აფრიკელი ფემინისტების აზრით, ქალები და კაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოფდნენ ძალაუფლებას და არც ერთი ჯგუფი არ სარგებლობდა ცალსახა უპირატესობით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.