აზროვნების ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომ მტკიცებულებსა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გარკვეული ალბათობით, დასკვნის გაკეთებას გულისხმობს.
ვთქვათ, მიხვედით რესტორანში და მხოლოდ მაშინ გაგახსენდათ, შეგემოწმებინათ, გაქვთ თუ არა საკმარისი ნაღდი ფული. აღმოაჩინეთ, რომ საკრედიტო ბარათის, „ამექსის“ გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ რესტორნის გარეთ არ არის განცხადება რესტორანში საკრედიტო ბარათით სარგებლობის თაობაზე. რესტორნის ფანჯრებიდან მოჩანს კარგად ჩაცმული მომხმარებელი. მენიუში კი ხედავთ, რომ ფასები საკმაოდ მაღალია. მხედველობაში იღებთ რა გარშემომყოფთა მაღალ მატერიალურ მდგომარეობას, მოცემულ სიტუაციაზე დაკვირვება გაფიქრებინებთ, რომ ეს რესტორანი მიიღებს თქვენს საკრედიტო ბარათს. ეს არის ინდუქციური დასკვნა, რადგან ის სავარაუდო (და არა სანდო) დასკვნებს გულისხმობს მოცემულ სიტუაციაზე დაყრდნობით.
ადამიანები წარსულში დაგროვილ ინფორმაციას იყენებენ აწმყოსა და მომავლის განსაზღვრის მიზნით. ინდუქციურ აზროვნებას შემდეგ შემთხვევებში იყენებთ: ჰაერში პოპკორნის სურნელის საფუძველზე ასკვნით, რომ ვიღაც პოპკორნს აკეთებს; ინდუქციურ აზროვნებას იყენებთ, თუ დაეთანხმებით აზრს, რომ ასოები ამ ფურცელზე უეცრად არ გაუჩინარდება (ან თუ ისწავლით, თქვენი ცოდნა არ გაუჩინარდება ტესტირების დროს). ასევე, ინდუქციურია დასვნა, რომელიც ადამიანის საუბრიდან გამომდინარს, მაგალითად, ვარაუდი, რომ ადამიანი ნამდვილად მაღალი წრის წარმომადგენელია, მისი მეტყველების მანერიდან გამომდინარე, ინდუქციური აზროვნების ნიმუშია.
რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის უნარი ხშირად ინდუქციურ აზროვნებაზეა დამოკიდებული. ვთქვათ, შემთხვევით ჩაგეკეტათ კარი და გარეთ დარჩით. რას მოიმოქმედებთ ამ შემთხვევაში? წარსულში ასეთ დროს მიღებული გადაწყვეტილების გახსენება პირველი მიზანშეწონილი ნაბიჯია. ამ პროცესს პრობლემის ანალოგიური გადაწყვეტა ეწოდება. ამ დროს თქვენ იწყებთ აწმყო და წარსულ სიტუაციებს შორის საერთოს ძიებას. „კარის ჩაკეტვის და გარეთ დარჩენის“ წარსული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გაგახსენდეთ ზოგადი წესი: „ისეთი ადამიანების მოძებნა, რომელთაც აქვთ გასაღები“. ამ წესით შეიარაღებული იწყებთ ამ ადამიანების გამოყოფას და ფიქრს, როგორ იპოვოთ ისინი (ცხადია, თუ ტელეფონი არ გაქვთ ხელთ), რისთვისაც შეიძლება დაგჭირდეთ იმ მეთოდის გახსენება, რომელიც მეგობრების მოსაძებნად შეიმუშავეთ. ამ პრობლემის გადაჭრა იმიტომ გეადვილებათ, რომ უკვე მიეჩვიეთ წარსული გამოცდილების გამოყენებას. ინდუქციური აზროვნება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ გამოცდილი მეთოდები და სწრაფად გადაჭრათ ახალი პრობლემები.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.