საკუთარი თავის გარდა, ოჯახის, სამსახურის, საზოგადოების თუ მომავალი თაობების ინტერესებისთვის მოღვაწეობა და მათზე ზრუნვა. როგორც წესი, უაღრესად მნიშვნელოვანი ასპექტია 30-40 წელს მიღწერული ადამიანის განვითარებაში. ქართულ ლიტერატურაში გვხვდება, ასევე როგორც „ქმნადობა“.
გენერაციულობა ფსიქოსოციალური განვითარების ერიკსონისეული მოდელის მეშვიდე სტადიაა და, ზოგადად, ცხოვრების იმ ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რომელიც ადრეულ მოზრდილობას მოსდევს და ხანშიშესულობამდე გრძელდება.
გენერაციულობის კვლევას ერიკ ერიკსონმა ჩაუყარა საფუძველი. მას მიაჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებმაც ინტიმური ურთიერთობების მყარი საფუძველი შექმნეს, უკვე შეუძლიათ ყურადღების გენერაციულობაზე წარმართვა. ერიკსონი ამ ეტაპზე საუბრობს კრიზისზე გენერაციულობა სტაგნაციის (ქმნადობა უძრაობის) წინააღმდეგ.
მაღალი დონის გენერაციულობის აღწერა თანამედროვე მეცნიერებს ეკუთვნით: „გენერაციული ინდივიდები უაღრესად ჩართულნი არიან თავიანთ სამუშაოსა და ახალი თაობის აღზრდაში. ასევე, მათ უფრო ფართო საზოგადოებრივი საკითხებიც აინტერესებთ. ისინი ტოლერანტულები არიან სხვადასხვა იდეისა და ტრადიციებისადმი და შეუძლიათ საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვასა და ანგარიშის გაწევას შორის ბალანსის შენარჩუნება“ (Kroger & Marcia, 2011, გვ. 42). ამ სტადიაზე ოპტიმალური განვითარების მიუღწევლობა პიროვნებას სტაგნაციის შეგრძნებით ტოვებს, როცა მას არ ხელეწიფება სრულად ჩაერთოს სხვებზე ზრუნვასა და მათ აღზრდაში (Cloninger, 2004).
გენერაციულობა ხშირად, მაგრამ არა — ყოველთვის, მშობლის როლით გამოიხატება. მასწავლებლობა და მენტორობა ამის ჩანაცვლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. როგორც ერიკსონი (1963) წერს, კარგი მშობლის როლის მორგება ინდივიდს უკმაყოფილებს ბაზისურ „მოთხოვნილებას, რომ იყოს მოთხოვნადი“. გენერაციულობის გამოხატვის მრავალი ალტერნატიული გზა არსებობს, თუმცა, მათ შორის გამოკვეთილად აღსანიშნია პროფესიული ცხოვრება, შემოქმედებითი საქმიანობა და საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობა, როგორებიცაა ქველმოქმედება, საეკლესიო საქმეები და ა. შ. გენერაციული მოზრდილი საკუთარ თავს ისეთ აქტივობას უძღვნის, რომელიც უფრო მეტია და დიდია, ვიდრე მისი საკუთარი ცხოვრება და მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას დებს ისეთ წამოწყებებში, რომლებიც „დარჩებიან თაობებს.“
თუ მოზრდილებში გენერაციულობის უნარი იმდენად გამოკვეთილია, რომ აჭარბებს სტაგნაციას, ჩნდება მოცემული სტადიის დადებითი თვისება — ზრუნვა. ზრუნვა ჩნდება იმ გრძნობიდან, რომ ვიღაცას ან რაღაცას აქვს მნიშვნელობა. ეს გულგრილობისა და აპათიის ფსიქოლოგიური ანტონიმია. ის მოზრდილები, რომლებიც ვერ ხდებიან გენერაციულები, თანდათანობით, მეტად და მეტად იკეტებიან საკუთარ თავში და, საბოლოო ჯამში, ზრუნვის ძირითადი საგანი პირადი მოთხოვნილებები და კომფორტი ხდება. ეს ადამიანები არავიზე და არაფერზე ზრუნავენ, მხოლოდ საკუთარ სურვილებს ემორჩილებიან. გენერაციულობის დაკარგვასთან ერთად წყდება პიროვნების, როგორც საზოგადოების წევრის ფუნქციონირება, ცხოვრება საკუთარ საჭიროებათა დაკმაყოფილებად იქცევა, ღარიბდება პიროვნებათშორისი ურთიერთობები. ერიკსონის (1963) თანახმად, საშუალო მოზრდილობის ასაკში ძირითად ფსიქოპათოლოგიურ გამოვლინებას სხვა ადამიანებზე, საქმეებსა და იდეებზე ზრუნვის სურვილის უქონლობა წარმოადგენს.
კოტრე (1984) ოთხ განსხვავებულ გზას აღწერს, რომლითაც ინდივიდს გენერაციულობის რეალიზება შეუძლია და ოთხივე ერთად ზრუნვის აქტებს წარმოადგენენ: (1) ბიოლოგიური ანუ შვილების გაჩენა, მათზე ზრუნვა და მათთან ურთიერთობა; (2) მშობლისეული ანუ შვილების გაზრდა და აღზრდა, მათთვის ოჯახის ტრადიციების შეთავაზება; (3) ტექნიკური ანუ უნარებისა და კულტურის „სხეულის“ სწავლება: შთამომავლებისთვის სიმბოლოთა იმ სისტემის იმპლიციტურად გადაცემა, რომელშიც ეს უნარები ხორციელდებიან; (4) კულტურული ანუ უნარებისა და კულტურის „სხეულის“ სწავლება: შთამომავლებისთვის სიმბოლოთა იმ სისტემის იმპლიციტურად გადაცემა, რომელშიც ეს უნარები ხორციელდებიან.
გენერაციულობის მოდელი
ერიკსონის გარდა ბევრი სხვა ავტორი წერდა და წერს მოზრდილის ცხოვრებაში გენერაციულობის როლზე. მას სხვადასხვაგვარად აღწერდნენ (McAdams, 2013): როგორც საკუთარი თავის რეპროდუქციის ბიოლოგიურ იმპულსს, სხვებზე ზრუნვის და მათთვის საჭიროობის ინსტინქტურ მოთხოვნილებას, ტრანსცენდენტურისა და სიმბოლური უკვდავობისკენ ფილოსოფიურ სწრაფვას, მოწიფულობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშანს განვითარების პროცესსა და საზოგადოებაში პროდუქტული ნიშის შექმნის სოციალურ მოთხოვნას. ის იდენტიფიცირებული იყო ქცევასთან (ბავშვების გაზრდა), მოტივებთ ან ღირებულებებთან (კარგის შენარჩუნებასა და დანარჩენის გაუმჯობესებაზე ზრუნვა), სამყაროსადმი ზოგად დამოკიდებულებასთან (თაობათა თანმიმდევრობაში საკუთარი ადგილის ფართო კონტექსტში ხედვა).
გენერაციულობის კვლევისთვის ინტეგრაციული თეორიული ჩარჩო მაკადამსსა და მის კოლეგებ ეკუთვნით (McAdams & Aubin, 1992; McAdams, 2013), ეს მოდელი ცნების შესახებ არსებულ საუკეთესო მოსაზრებებს აერთიანებს და გენერაციულობის სხვადასხვა განზომილების გაზომვის კონკრეტულ მეთოდებს გვთავაზობს.
ამ მოდელის მიხედვით გენერაციულობა შვიდი ფსიქოლოგიური ნიშნის კონფიგურაციაა, რომელთაგან თითოეული მომავალ თაობაზე ზრუნვის პიროვნულ და საზოგადოებრივ მიზანზე კონცენტრირდება. ეს შვიდი ნიშანია: კულტურის მოთხოვნა, შინაგანი სურვილი, ფიქრი, რწმენა, ვალდებულებები, მოქმედება და თხრობა. გენერაციულობას უნდა შეხედოთ როგორც რაღაცას, რაც პიროვნებაშიც არსებობს და მის სამყაროშიც. ეს გარემოს თვისებაც ისევეა, როგორც — ადამიანების. იმით, რომ პიროვნებასა და სოციალურ სამყაროს აკავშირებს ერთმანეთთან, გენერაციულობა მხოლოდ ფსიქოსოციალურ კონტექსტში შეიძლება „ხდებოდეს“, როცა გარკვეული პიროვნებასა და მის სამყაროში არსებული ცვლადები ერთად იყრიან თავს მომავალი თაობის უზრუნველსაყოფად.
პირველია (1) კულტურის მოთხოვნა. ყველა კულტურა ითხოვს, რომ მოზრდილებმა მომავალი თაობა შვან. ეს მოთხოვნები იმპლიციტურად არის კოდირებული საზოგადოებრივ მოლოდინებში, რომლებიც ასაკისთვის შესატყვისი ქცევის მიმართ არსებობს (Berntsen & Rubin, 2004). თუმცა, გენერაციულობა მხოლოდ იმიტომ არ წარმოიქმნება, რომ საზოგადოება ითხოვს ამას. ბევრი თეორეტიკოსი ფიქრობს, რომ გენერაციულობა ისევე იღებს სათავეს ღრმად ფესვგამდგარ (2) შინაგან სურვილში, როგორც კულტურის მოთხოვნაში. აქ, როგორც წესი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილი განირჩევა: (ა) სიმბოლური უკვდავობის სურვილი და (ბ) როგორც ერიკსონი უწოდებს - „მოთხოვნილება, რომ მოთხოვნილი იყოს“ , რაც სხვებზე ზრუნვას და მათ მიერ - ვისაც ვჭირდებით - გამოყენებას გულისხმობს. კულტურის მოთხოვნა და შინაგანი სურვილი ერთობლივად ქმნის ცნობიერ (3) ფიქრს მომავალ თაობაზე. ამრიგად, ერთი მხრივ, განვითარების თანმხლები მოლოდინები მომავალ თაობაში წვლილის შეტანის მიმართ და, მეორე მხრივ, უკვდავობისა და ზრუნვის შინაგანი სურვილები, მოზრილობაში ერთად იყრიან თავს და ხელს უწყობენ პიროვნების მიერ მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვას. ამასთან, მოზრდილს, შესაძლოა, ჩამოუყალიბდეს (4) კაცობრიობის რწმენა, როგორც ერიკსონი (1963, გვ. 267) უწოდებდა. კაცობრიობის ძლიერი რწმენა შეიძლება დაეხმაროს მოზრდილს, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა (5) გენერაციულ ვალდებულებებად აქციოს ანუ საკუთარ თავზე აიღოს მომავალ თაობაზე პასუხისმგებლობა და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გენერაციული ქცევის შესატყვისი მიზნებისა და მისწრაფებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს (McAdams, 2009). ვალდებულებით მართულმა ადამიანმა, რაც, თავის მხრივ, მოთხოვნის, სურვილის, ფიქრისა და რწმენის შედეგს წარმოადგენს, რეალურად შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს მომავალი თაობის სასიკეთოდ. გენერაციული (6) ქმედება სამიდან ნებისმიერი სახით შეიძლება გამოვლინდეს, ესენია: შექმნა, შენარჩუნება ან შეთავაზება. გენერაციულობის მოდელის ბოლო მახასიათებელი (7) გენერაციული თხრობაა. მოზრდილებს ესმით კულტურის მოთხოვნა, მიჰყვებიან შინაგან სურვილს, ფიქრობენ მომავალ თაობაზე, სწამთ კაცობრიობის, იღებენ გენერაციულ ვალდებულებებს და შექმნის, შენარჩუნებისა და შეთავაზების საკუარ ქმედებებს და ყველაფერს თავიანთი ცხოვრების საკუთარი ნარატიული გაგების შესატყვისად აკეთებენ, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება. მაშასადამე, მოზრდილები ცნობიერად და გაუცნობიერებლად უყვებიან საკუთარ თავს და სხვებს გენერაციულ სკრიპტს (სცენარს). ეს არის მოზრდილი ადამიანის შინაგანი ამბავი, რომელიც იმის შესახებ მოგვითხრობს, სად არის გენერაციული ძალისხმევის ადგილი მის პიროვნულ ისტორიაში, თანამედროვე საზოგადოებასა და სოციალურ სამყაროში, რომელშიც ის ცხოვრობს და ზოგ განსაკუთრებულ შემთხვევაში საზოგადოების ისტორიაშიც კი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი II. თსუ, თბილისი.
Berntsen, D. & Rubin, D. (2004). Cultural life scripts structure recall from autobiographical memory. Memory and Cognition. 32 (3), 427-442.
Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.
Erikson, E. H. (1963). Childhood and Society. New York: Norton.Kroger & Marcia, 2011
McAdams, D. P. (2009). The Person: An Introduction to the Science of Personality Psychology, 5th ed. USA: John Wiley & Sons, Inc.
McAdams, D. P. (2013). The Psychological Self as Actor, Agent, and Author. Perspectives on Psychological Science, 8 (3) 272-295.
McAdams, D. P., & Aubin, E. St. (1992). A Theory of Generativity and Its Assessment through Self-report, Behavioral Acts, and Narrative Themes in Autobiography. Journal of Personality and Social Psychology, 62, 1003-1015.