იგივე ფოკალიზმი წარმოადგენს ადამიანის ზოგად ტენდენციას, ზოგიერთი მოვლენის ან შედეგის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობისას მიღებული ინფორმაციის საწყისი (პირველი) ნაწილის მნიშვნელობა გადააფასოს ან სათანადოდ ვერ შეაფასოს. ინფორმაციის თავდაპირველი ნაწილი (პირველი ნაკადი) წარმოადგენს ღუზას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანებს მასზე დაყრდნობით გამოაქვთ დასკვნები. მას შემდეგ რაც „ღუზა დამაგრებულია“ ყოველი ახალი შემოსული ინფორმაციის ინტერპრეტაცია ხდება მასთან მიმართებაში და ყოველი გადაწყვეტილება მიიღება მისი ზეგავლენით. მაგალითად, როდესაც მანქანის ავტოდილერი მყიდველს მანქანის საწყის ფასს უსახელებს, ინფორმაციის ეს ნაწილი იქცევა მათი მოლაპარაკებების ამოსავალ წერტილად -„ღუზად“. თუ მყიდველი დაითანხმებს ავტოდილერს შეამციროს საწყისი ფასი, შესაძლოა კმაყოფილი დარჩეს მიღწეული შედეგით, თუმცა ეს ფასი შეიძლება ავტომობილის ნამდვილ ღირებულებაზე გაცილებით მაღალი იყოს.
ტვერსკის და კანემანის (Tversky, A & Kahneman, D., 1974) მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს ეძლეოდათ არითმეტიკული მაგალითი და ევალებოდათ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში (5 წამის განმავლობაში) შეეფასებინათ იგი და დაეწერათ მიახლოებითი პასუხი. წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ვარიანტი. კერძოდ, მონაწილეთა პირველ ჯგუფს ეძლეოდა შემდეგი მაგალითი 1x2x3x4x5x6x7x8 = , ხოლო მეორე ჯგუფს იგივე მაგალითი შებრუნებული სახით 8x7x6x5x4x3x2x1= . 5 წამის განმავლობაში მონაწილეები ასწრებდნენ რამოდენიმე მოქმედების შესრულებას (პირველი ჯგუფი იღებდა ნაწილობრივ პასუხს სავარაუდოდ 1x2x3x4 = 24-ს, ხოლო მეორე ჯგუფი 8x7x6 = 56-ის 6 ზე ნამრავლს) და მიღებული შედეგიდან გამომდინარე, აკეთებდნენ საბოლოო დასკვნებს. პირველი ვარიანტის შემთხვევაში პასუხების მედიანა შეადგენდა 512-ს, ხოლო მეორე ვარიანტის შემთხვევაში - 2250 (სწორი პასუხია 40320). აღნიშნულიდან ჩანს, რომ დროის მცირე მონაკვეთში შესრულებული მოქმედებების საფუძველზე მიღებული ნაწილობრივი შეფასება გავლენას ახდენს საბოლოო შეფასებაზე. კერძოდ, აღნიშნული მაგალითის შემთხვევაში, რაც უფრო დიდი იყო ნაწილობრივი პასუხი, მით უფრო დიდი იყო საბოლოო შეფასება.
ეს ექსპერიმეტი ცხადყოფს, რომ რაიმე მოვლენის ან შედეგის შესახებ მსჯელობა, რომელიც ემყარება „ღუზის ევრისტიკას“, საკმარისი არ არის. მისი გამოყენება განაპირობებს შედეგის რეალური მნიშვნელობის გადაფასებას ან ვერ შეფასებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ.
http://www.alleydog.com/glossary/definition.php?term=Anchoring%20Heuristic