აფირმაციული (affirmative - პოზიტიური, დადებითი) არის ქმედება, რომელიც მიმართულია რომელიმე მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მხარდასაჭერად და სამართლიანობის აღსადგენად. ის პროაქტიულია და მიზნად ისახავს საჯარო ინსტიტუტებში (განათლება, მართვა, პოლიტიკა და ა.შ.) მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა რიცხვის გაზრდას.
ჯგუფები, რომლებიც ისტორიულად იჩაგრებოდნენ, დღემდე განიცდიან დისკრიმინაციას, მათ არ მიუწვდებათ ხელი თანაბარ შესაძლებლობებზე. აფირმაციული ქმედება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ამ ფაქტის აღიარებას და მოიცავს სხვადასხვა სახის მექანიზმებს ჩაგრული ჯგუფების მდგომარეობისა და საჯარო ცხოვრებაში ჩართულობის გასაუმჯობესებლად. ეს შეიძლება განხორციელდეს შერჩევის დროს ჩაგრული ჯგუფის წარმომადგენლისთვის უპირატესობის მინიჭებით ან კვოტირებით. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია ითვალისწინებს აფირმაციულ ქმედებას, როგორც აუცილებელ მექანიზმს სისტემური დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ კონვენციას, ვალდებული არიან, განახორციელონ აფირმაციული ქმედება.
მაგალითად, კანადაში ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები და ძირძველი მოსახლეობა სარგებლობენ გარკვეული უპირატესობით სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ დაწესებულებებში. განათლების სფეროში აფირმაციული ქმედება შეიძლება განხორციელდეს გრანტის და/ან სტიპენდიის სახით, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ჩართულობის გაზრდას მეცნიერების ისეთ სფეროებში, რომლებშიც მათი წარმომადგენლობა დაბალია.
აგრეთვე იხილეთ: პოზიტიური დისკრიმინაცია, საჯარო პოლიტიკა და მართვა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.