კოგნიტური მეცნიერება ინტერდისციპლინარულ მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ინფორმაციის გადამუშავების პროცესებსა და სისტემებს და ეფუძნება ფილოსოფიის, ნეირომეცნიერების, ლინგვისტიკის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერების (ხელოვნური ინტელექტის) მიღწევებს.
მისი წარმოშობა დაკავშირებულია 1950 იანი წლების შუა პერიოდის კონცეპტუალურ ძვრებთან, როდესაც სხვადასსხვა სფეროს მკვლევრებმა დაიწყეს გონების კომპლექსური შესწავლა და ჩამოაყალიბეს თეორიები, რომლებიც ეფუძნებოდა გაზომვით პროცედურებს. ხოლო ფორმალურად, მისი, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების წარმოშობა, დაკავშირებულია 1970-იან წლებში კოგნიტური მეცნიერების საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ჟურნალ “კოგნიტური მეცნიერების” დაარსებასთან.
კოგნიტური მეცნიერების ძირითადი ჰიპოთეზა შემდეგში მდგომარეობს: აზროვნების ბუნების ყველაზე უკეთესად გაგება შესაძლებელია გონებაში რეპრეზენტაციული სტრუქტურებისა და აღნიშნულ სტრუქტურებში მიმდინარე გამოთვლითი ოპერაციების ტერმინებით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რეპრეზენტაციული სტრუქტურებისა და გამოთვლითი ოპერაციების ცნებების გაგება სხვადასხვაგვარია მეცნიერთა შორის, ეს ჰიპოთეზა ძალიან ზოგადად მიიჩნევა.
გონება, ტვინი და კომპიუტერი - ეს სამი მნიშვნელოვანი კონცეპტია, რომლის გარშემოც ტრიალებს კოგნიტური მეცნიერება. კერძოდ, ყოველი ახალი იდეა ამ კონცეპტების ახალი ანალოგიით გამოიხატება. კოგნიტური მეცნიერებაში განხორცილებული შრომების დიდი ნაწილი ეყრდნობა იმ მოსაზრებებს, რომ გონებაში არსებული მენტალური რეპრეზენტაციები კომპიუტერში არსებული მონაცემების სტრუქტურის ანალოგია და გამოთვლითი ოპერაციები კი ამ სტრუქტურებში მიმდინარე ალგორითმების მსგავსია. რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ კოგნიტური მეცნიერების დომინანტურ ანალოგიას „გონება-კომპიუტერი“ წარმოადგენს.
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლება ეწოდოს კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელი. დეფინიციების ძირითადი სხვაობა ისა, თუ რა მეთოდოლოგიით მუშაობს მკვლევარი და როგორ აანალიზებს თავის საკვლევ პრობლემას.
არსებობს დეფინიციები, რომელთა თანახმად კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მეცნიერი (ზემოთ მოცემული სფეროებიდან), რომელიც მუშაობს გონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგ., ამ განსაზღვრების თანახმად, კოგნიტურ მეცნიერად ჩაითვლება ფილოსოფოსი, რომელიც მუშაობს გონების ფილოსოფიის პრობლემებზე, მაშინაც კი თუ მას არ აქვს არანაირი ცოდნა სხვა მოსაზღვრე სფეროებში და საკუთარ დასკვნებს არ აანალიზებს სხვა მეცნიერებების თეორიების ჭრილში.
მეორე მხრივ არსებობს დეფინიციები, რომელთა თანახმადაც, იმისათვის, რომ მეცნიერი ჩაითვალოს კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელად, საკმარისი არაა მხოლოდ თავის სფეროში მოღვაწეობდეს, გონების კვლევისას ის უნდა იყენებდეს სხვა სფეროების მეთოდოლოგიასაც. მაგალითად, კოგნიტური მეცნიერების წარმოადგენელია ლინგვისტი, რომელიც აკეთებს საკვლევი პრობლემის ტრადიციულ ლინგვისტურ ანალიზს და, იმავდროულად, ახორციელებს ექსპერიმენტს ადამიანების მონაწილეობით, არის ასევე კოგნიტური მეცნიერების საზოგადოების წევრი და თავისი შედეგების ინტერპრეტაციას ახდენს კოგნიტური მეცნიერების სხვა სფეროების ჭრილშიც.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
http://plato.stanford.edu/entries/cognitive-science/
Sternberg, R. J., 2009, Cognitive Psychology;
გერიგი. რ & ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი, თსუ.