მახასიათებელი, ნიშანი, რომელსაც ერთზე მეტი კატეგორია (ან ღირებულება) აქვს და რომლის გაზომვა შესაძლებელია. ც. შესასწავლი ობიექტის (დაკვირვების ერთეულების) საერთო თვისებაა, რომლის კონკრეტული გამოვლინებები (ც–ის მნიშვნელობები) ობიექტის შესაბამისად იცვლება. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება ემპირიულ გამოკვლევებში. სოციოლოგიური კვლევების ტიპური ც–ებია: ასაკი, სქესი, სოციალური ფენა, ეთნიკური კუთვნილება (ეთნიკური ჯგუფის წევრობა), განათლების დონე, საქმიანობის სფერო, თანამდებობრივი სტატუსი, შემოსავლის დონე და სხვა. ც–ები ასახავს ადამიანთა გარკვეული ერთობის ფარგლებში არსებულ განსხვავებებს. მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა ინდივიდებისა და ერთობების დაგჯგუფება გარკვეული კრიტერიუმის ფარგლებში. ც–ები არაა მუდმივი, ისინი შეიძლება იცვლებოდეს კონტინუუმის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ერთ გამოკვლევაში შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ც., მეორეში კი – დამოკიდებული, იმისდა მიხედვით, რომელი მიზნობრივი პროცესების გაანალიზებაა საჭირო. ც–ის ძირითადი ნიშნია ის, რომ მას შეუძლია ასახოს ცვლილებები მოსახლეობის შიგნით, მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობები. სოციოლოგიურ გამოკვლევაში ც. ხშირად ინდიკატორთან გაიგივდება. სოციოლოგიური გამოკვლევების დანიშნულებაა, გამოავლინოს და გაზომოს ც–ები, რომლებიც დამახასიათებელია რომელიმე მოვლენისათვის, შემდეგ კი ისინი სხვა ც–ების მოქმედებით ახსნას. ც–ები სხვადასხვა ტიპისაა. მიზეზისა და შედეგის მიხედვით განასხვავებენ დამოუკიდებელ, დამოკიდებულ და შერეულ ც–ებს. დამოუკიდებელია ც., რომელსაც სავარაუდოდ შეუძლია სხვა ც–ის (ან ც–ების) შეცვლა. დამოუკიდებელი ც. ხსნის ან იწვევს ცვლილებებს შესასწავლ მოვლენაში. დამოკიდებულია ც., რომელზეც ზეგავლენას ახდენს დამოუკიდებელი ც. ან სხვა ფაქტორი. შერეული ც. არის გარდამავალი საშუალება, რომლითაც დამოკიდებელი ც. გავლენას ახდენს დამოუკიდებელ ც–ზე, მაგ., თუ საჭიროა გამოკვლევა, რა გავლენას ახდენს განათლება შემოსავალზე გარკვეულ სამსახურში ყოფნისას, განათლება იქნება დამოუკიდებელი ც., შემოსავალი კი – დამოკიდებული. სამსახურის მოყვანილ მაგალითში გამოდის როგორც შერეული ც. არსებობს პირველადი და მეორადი ც–ები. პირველადი ც–ის მნიშვნელობები უშუალოდ მონაცემების მოპოვებისას მიიღება, მეორადის კი – მონაცემების დამუშავების შედეგად. ც–ები შეიძლება დაიყოს თვისებრივ და რაოდენობრივ ც–ებად. თვისებრივ ც–ებს ატრიბუტულსაც უწოდებენ. რაოდენობრივი ც–ები ორი სახისაა: დისკრეტული და უწყვეტი.
ცვლადი
Variable
კატეგორია: